აშშ-ის, კანადისა და მექსიკის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარის ადგილის შესახებ დებატები სულ უფრო მწვავდება.
კარლო ანჩელოტიმ ვარსკვლავურ ფორვარდს საერთაშორისო კარიერის გადასარჩენად მნიშვნელოვანი შანსი მისცა და მუნდიალზე მისი დაბრუნების შესაძლებლობა დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ნეიმარი განაცხადს მიღმა რჩებოდა, ის ტურნირის წინ სელესაოს სამწვრთნელო შტაბის ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება.
ანჩელოტიმ განმარტა, რომ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირისთვის ნაკრების კარი კვლავ ღიაა. L’Equipe-თან საუბრისას იტალიელმა სპეციალისტმა აღიარა ნეიმარის სტატუსი, თუმცა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის მოთხოვნები, რაც ბარსელონასა და პსჟ-ს ყოფილმა მოთამაშემ ჩრდილოეთ ამერიკის საგზურის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
ნეიმარს ტრავმებთან ბრძოლა ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგაც უწევს. დეკემბერში მარცხენა მუხლზე ჩატარებული ოპერაციის გამო, მან სეზონის 10 მატჩი გამოტოვა. მოგვიანებით ის მოედანს დაუბრუნდა, თუმცა სანტოსის შემადგენლობიდან რამდენჯერმე მაინც ამოვარდა ფიზიკური კონდიციებისთან დაკავშირებული პრობლემებისა და დისკვალიფიკაციის გამო.
ანჩელოტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ფეხბურთელის ნიჭისა, გუნდის შერჩევისას მთავარი პრიორიტეტი ფიზიკური მზაობა იქნება. მწვრთნელმა განაცხადა, რომ ვარსკვლავური სახელების გამო გამონაკლისს არ დაუშვებს, თუ ისინი მსოფლიო ჩემპიონატის მკაცრ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ.
იტალიელმა სპეციალისტმა პირდაპირ თქვა:
ნეიმარს დაბრუნება შეუძლია. ეს რამდენჯერმე ვთქვი და ყველაფერი ნათელია: მე მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებ, ვინც ფიზიკურად მზად იქნება. მუხლის ტრავმის შემდეგ ნეიმარი ნორმალურ ფორმაშია, ის გოლებს იტანს. მან უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა და ფიზიკური ფორმა გააუმჯობესოს. ის სწორ გზაზეა.
128 მატჩში გატანილი 79 გოლით ნეიმარი ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიის ფუნდამენტურ ფიგურად რჩება. ანჩელოტი კარგად აცნობიერებს გულშემატკივრების სურვილს, კიდევ ერთხელ იხილონ ფორვარდი იმ ტიტულისთვის ბრძოლაში, რომელიც მას მთელი კარიერის განმავლობაში აკლდა.
ნეიმარი იყო და რჩება ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიის ნაწილად. ის ძალიან ნიჭიერია და ბუნებრივია, რომ ხალხს სჯერა მისი დახმარების მომავალ მუნდიალზე. ამჟამად მას ბრაზილიის ფეხბურთი და მე ვაფასებთ. მას კიდევ ორი თვე აქვს იმის საჩვენებლად, რომ გააჩნია ყველა საჭირო თვისება მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ.