Bad Bunny-მ კვირას გამართული სუპერ ბოულის ჰალფთაიმ შოუ პუერტო-რიკოსადმი მიძღვნილ ფერად და ენერგიულ სანახაობად გადააქცია.
შოუში არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობდა და ნამდვილი ქორწილიც გაიმართა, სადაც პუერტო-რიკოელი არტისტი მოწმედ წარსდგა.

Super Bowl 60-ზე ვარსკვლავები წინა პლანზე იყვნენ: გუნდები კრის პრატმა და ჯონ ბონ ჯოვიმ წარადგინეს, გაიმართა შთამბეჭდავი წინასამატჩო გამოსვლები, რის შემდეგაც Bad Bunny-ის დიდი ხნის ნანატრი ჰალფთაიმ შოუ შედგა.
შოუს ერთ-ერთ სცენაში მოქმედება ქორწილზე გადავიდა: ქორწინებაში მყოფმა წყვილმა გზა გაათავისუფლა და პირველი მოულოდნელი სტუმარი, ლედი გაგა გამოჩნდა. პოპვარსკვლავმა სალსა-ვერსიით Die With A Smile შეასრულა, შემდეგ კი Bad Bunny-სთან ერთად BAILE INoLVIDABLE-ზე იცეკვა.

გაგასთან ერთად Bad Bunny-მ სცენაზე კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი გამოიყვანა, მათ შორის კარდი ბი, ჯესიკა ალბა და პედრო პასკალი. წინა თაობის პუერტო-რიკოელმა ვარსკვლავმა, რიკი მარტინმა კი მასთან ერთად Lo Que Le Pasó a Hawaii შეასრულა.
Bad Bunny, რომლის ნამდვილი სახელი ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიოა, ათი წლის წინ სუპერმარკეტში პროდუქტებს ალაგებდა, ხოლო შარშან Spotify-ზე მსოფლიოს ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტი გახდა.
შოუს ბოლოს მან შესძახა: „God bless America“ და ჩამოთვალა ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები. სულ ბოლოს კი სტადიონზე შემდეგი ფრაზა გამოისახა: „სიძულვილზე ძლიერი მხოლოდ სიყვარულია“, ხოლო პერფორმანსი მან სიმღერით DtMF დაასრულა.
Bad Bunny-ის ჰალფთაიმ შოუში მონაწილეობამ კრიტიკა გამოიწვია პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სხვა კონსერვატორების მხრიდან. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომღერლის მიერ გამართული შოუ „სრულიად საშინელი“ იყო.
Bad Bunny-ს ალბომმა Debí Tirar Más Fotos წლევანდელ გრემიზე წლის ალბომის ჯილდო მოიგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს ჯილდო ესპანურენოვან ალბომს გადაეცა.
სუპერ ბოულის მატჩში კი სიეტლ სიჰოუქსმა ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი 29–13 დაამარცხა და ფრენჩაიზის ისტორიაში ჩემპიონი მეორედ გახდა.