ბავარიაში სრული სიმშვიდეა იმ ინფორმაციის ფონზე, რომელიც მაიკლ ოლისეს მიმართ რეალის ინტერესს ეხება.
გუშინ გავრცელდა ცნობები, თითქოს 24 წლის ვინგერი საფრანგეთის ნაკრების პარტნიორებს მადრიდული კლუბის შესახებ ეკითხებოდა და იქ გადასვლის სურვილს არ მალავდა.
Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, დღეს მიუნხენურ კლუბში ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე პოზიცია კიდევ ერთხელ განიხილეს. გადაწყვეტილების მიმღები ყველა პირი, მათ შორის საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესიც, თანხმდება: ოლისე არ იყიდება.
კლუბში ასევე მიიჩნევენ, რომ ისეთ პოზიციაში არ იმყოფებიან, სადაც მათზე ზეწოლის მოხდენაა შესაძლებელი.
ბავარიაში აცნობიერებენ, რომ რეალში გადასვლა მაიკლისთვის კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს, თუმცა ამ მომენტში მის გაშვებას არ აპირებენ, მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და სურთ კონტრაქტი გაუხანგრძლივონ, რითაც ფრანგი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
მიუნხენელთა პოზიცია ორ მთავარ ფაქტორს ეფუძნება: პირველი - რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პირადად დაარწმუნა გერმანული კლუბი, რომ მიმდინარე ზაფხულს ოლისეს შესაძენად არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს. მეორე - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, რომელიც გასულ ზაფხულს გაიმართა, ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კლუბს აცნობეს, რომ თანამშრომლობის გაგრძელება სურთ.
დღეის მდგომარეობით, არც ოლისეს და არც მის წარმომადგენელს კლუბისთვის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის დატოვების სურვილის შესახებ არ უცნობებიათ.