ბარსელონამ მოედანს გარეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია.
კატალონიურმა კლუბმა სამოქალაქო დავა მოიგო, რომელიც ჟიულ კუნდეს ტრანსფერს უკავშირდებოდა. იმ კლუბისთვის, რომელიც თითოეულ ევროს უფრთხილდება, 3 მილიონი ევროს დაზოგვა საკმაოდ სერიოზული შეღავათია.
SPORT-ის ინფორმაციით, ბარსელონას სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფიფას აგენტის, ისაკ ტუტუმლუს სარჩელი. აგენტი ამტკიცებდა, რომ კლუბს მისი ვალი ჰქონდა, რადგან მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2022 წელს ფრანგი მცველის სევილიადან გადმოყვანის პროცესში. ტუტუმლუ ამტკიცებდა, რომ სწორედ მისი დახმარებით აირჩია კუნდემ ბარსელონა და არა ჩელსი, რის გამოც ტრანსფერის საერთო ღირებულების (50 მილიონი ევრო) 6%-ს ითხოვდა.
სასამართლომ აგენტის მოთხოვნა სრულად უარყო და დაადგინა, რომ კლუბს არანაირი საკომისიოს გადახდა არ მართებს. ბარსელონასთვის ეს გადაწყვეტილება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან ფინანსური ფეირ-პლეის მკაცრი წესების ფონზე, მსგავსი მოულოდნელი ხარჯები გუნდს დიდ პრობლემებს უქმნის.
მართალია, ტუტუმლუს ჯერ კიდევ აქვს უფლება გადაწყვეტილება ბარსელონას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა ამ ეტაპზე კლუბი თავს გამარჯვებულად გრძნობს. ჟიულ კუნდე, რომელიც ჰანსი ფლიკის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, კლუბს ისედაც ძვირი დაუჯდა, ამიტომ ზედმეტი მილიონების დაზოგვა კატალონიელებისთვის ჰაერივით აუცილებელი იყო.
ახლა კლუბში იმედოვნებენ, რომ ფრანგი მცველი ტრავმას მალე მოიშუშებს და მოედანს ჩვეულ მაღალ დონეზე დაუბრუნდება.