მიმდინარე სეზონში ბარსელონას თამაშებში ერთი თვალშისაცემი ცვლილებაა: თერთმეტმეტრიანებს ძირითადად რაფინია და ლამინ იამალი ინაწილებენ.
გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც წლების განმავლობაში პენალტების უბადლო შემსრულებლად ითვლებოდა, ამ პროცესს ჩამოშორდა.
ლევანდოვსკიმ პენალტის შემსრულებლის სტატუსი დაკარგა?
ბევრმა ეს სევილიასთან და ატლეტიკო მადრიდთან გაფუჭებულ შანსებს დაუკავშირა, თუმცა 37 წლის ფორვარდმა დუმილი დაარღვია და განმარტა, რომ მიზეზი სულ სხვა რამეშია.
როდესაც ფეხბურთელი ხან თამაშობს და ხან არა, საკვანძო მომენტებში თავდაჯერება გვაკლდება. თუ მოედანზე ცოტა დროს ატარებ, სათამაშო რიტმი იკარგება. ასეთ დროს ჯობია გუნდის ინტერესები წინ დააყენო და პენალტი იმან დაარტყას, ვინც კონკრეტულ მატჩში თავს უფრო დარწმუნებულად გრძნობს. ეს ჩემს აცილებებს არ უკავშირდება, ყველაფერი სათამაშო წუთების ბრალია.
პოლონელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 16 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. მისი როლი გუნდში ნელ-ნელა იცვლება, რაც შიდა კონკურენციამაც განაპირობა. გარდა ამისა, რობერტმა აღიარა, რომ სახის დამცავი ნიღბით თამაშიც უჭირს, რომელიც ვილიარეალთან მიღებული ტრავმის გამო სჭირდება.
ყველაზე ბუნდოვანი კი ლევანდოვსკის მომავალია. მისი კონტრაქტი ბარსელონასთან 30 ივნისს იწურება და პოლონელმა ჯერ კიდევ არ იცის, დარჩება თუ არა კატალონიაში:
ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. მექნება დრო, დავჯდე და ყველა ვარიანტი მშვიდად ავწონ-დავწონო.