მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებს.
ინგლისის ნაკრების კაპიტანს მოქმედი ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა 32 წლის თავდამსხმელმა უკვე იცის, რომ გერმანიის ჩემპიონებს მისი გუნდში დატოვება სურთ. ბრიტანული მედიის ცნობით, დეტალური განხილვები უახლოეს კვირებში დაიწყება.
კეინის მიმართ ინტერესს ბარსელონა და საუდის არაბეთის ალ-ჰილალი იჩენენ, მაგრამ ფეხბურთელი გერმანიაში თავს შესანიშნავად გრძნობს და წასვლას არ აპირებს. 2023 წელს ტოტენჰემიდან გადმოსვლის შემდეგ, მის ანგარიშზე 147 მატჩში გატანილი 146 გოლია. ამ ფანტასტიკური შედეგიანობით მან კლუბს უკვე მოაგებინა ორი ბუნდესლიგა და გერმანიის თასი, ცოტა ხნის წინ კი მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების მაისურით 6 გოლი გაიტანა.
მიუნხენში დარჩენის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა ტოტენჰემში დაბრუნების ან მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერის ჭორებს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ კეინი პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირის, ალან შირერის 260-გოლიან რეკორდს ვეღარ მოხსნის. ბაიერნის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი ახალი სეზონის წინ ბომბარდირის შენარჩუნებაა, რათა გუნდმა ჩემპიონთა ლიგასა და შიდა ჩემპიონატში დომინირება გააგრძელოს.