ყაზახეთში მიმდინარე 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებული მატჩი ჩაატარა.
საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ტარო დანიელი ორ სეტში, 6:2, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა ნიკოლოზმა აქტიურად დაიწყო და მეტოქის პირველივე ჩაწოდება აიღო, თუმცა იაპონელმა საპასუხო ბრეიკი იქვე შეასრულა. ამის შემდეგ ბასილაშვილმა ინიციატივა სრულად გადაიბარა, მეტოქეს კიდევ ორი ჩაწოდება მოუგო და პირველი სეტი დამაჯერებლად ჩაიწერა აქტივში.
მეორე სეტში ბრძოლა უფრო დაძაბული გამოდგა. ორივე ჩოგბურთელი საკუთარ გეიმებს სტაბილურად იგებდა. გარდატეხა მე-12 გეიმში მოხდა, როდესაც 6:5 ანგარიშზე ნიკოლოზმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შეხვედრას წერტილი დასვა.
კვალიფიკაციის ფინალურ მატჩში ბასილაშვილის მეტოქე ადამ უოლტონი იქნება, რომელიც ATP რეიტინგში 99-ე პოზიციას იკავებს.