უეფას ერთა ლიგის მე-2 ტურში უკრაინასთან ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პრესის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
მიზეზები
„გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ვერ შევძელით. პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორე ტაიმში დაღლა დაგვეტყო. ბევრი პოზიტივი დავინახე.
გვინდოდა პრესინგი გვეთამაშა. დაცვაში კარგები ვიყავით. არ იყო მარტივი უკრაინისთან ისე თამაში, რომ სახიფათო მომენტი არ შეექმნათ.
ყველაზე კარგი ის არის, რომ არსებობს რესურსი და დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი დაიხვეწება და უკეთესად ვითამაშებთ“.
მატჩზე
„გეთანხმებით, რომ უკეთესად ვითამაშეთ და იმაშიც, რომ გარისკვა შეიძლებოდა, მაგრამ იყო დაღლილობა. გარდა ამისა, პირველ მატჩში მარცხის გამო დღეს პოზიტივი გვჭირდებოდა.
მეორე ტაიმის ბოლოს რამდენიმე შეტევა მივიღეთ, ამიტომ რისკს მოვერიდეთ. ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ, არ იყვნენ დაცვითი სტილის მოთამაშეები.
ჩვენ არ გვქონდა დრო იმისთვის, რომ სხვა სისტემა შეგვეთავაზებინა მეტოქისთვის. ვფიქრობ, ფრე ნორმალური შედეგი არის, ახლა მთავარი იყო პოზიტივი, რაც გარკვეულწილად მივიღეთ და ვეცდებით, მომდევნო შეხვედრებში ქულები მოვიპოვოთ“.
ბოლო წუთები თავდამსხმლის გარეშე
„გუნდი საკმაოდ დაღლილი იყო. ამიტომ გაკეთდა ასეთი ცვლილებები. ბოლო წუთებში მეტად კონტრშეტევების იმედად ვიყავით, რაც თამაშის დინამიკამ მოიტანა.
ბურთი უფრო ხშირად რომ გვქონოდა, შეიძლებოდა ბუდუ ზივზივაძის შეყვანაც, მაგრამ შეხვედრის ბოლოს აქცენტის გაკეთება კონტრშეტევებზე გახდა საჭირო“.
კვარას პოზიციაზე
„დღევანდელი ნაკრები გარემარბებით უნდა თამაშობდეს. ახლა მხოლოდ ერთი დღე იყო გუნდის მოსამზადებლად და შედეგისთვის დროა საჭირო.
სისტემის შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და არა სპონტანურად, უნდა დამუშავდეს ყველაფერი.
დღეს ამ სისტემით იმიტომ ვითამაშეთ, რომ გუნდი დიდი ხანია ასე თამაშობს, მომავალში კი ვგეგმავთ ცვლილებებს“.
კიტეიშვილსა და ჩაკვეტაძეზე
„ყველა გუნდშია 1-2 ფეხბურთელი, რომელიც თამაშის შინაარსს ცვლის. ჩვენთვის ორივე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მოედნის ცენტრი სულ სხვა არის, როცა ისინი მოედანზე არიან.
თუმცა, არიან ფეხბურთელები, რომელთა სწორი გამოყენების შემთხვევაში, ამ ყველაფრის დაბალანსება შესაძლებელია“.
სტანდარტულ მდგომარეობებსა და პრესინგზე
„მოედნის ცენტრში პრესინგით ბევრი ბურთი დავიბრუნეთ. მთელი მატჩი პრესინგს ვერავინ ითამაშებს, ეს გამორიცხულია. ამას სჭირდება იდეალური ფიზიკური მომზადება.
დღეს დაცვის ბლოკი მაღლა იდგა, მეტოქეს არცერთი შანსი არ მივეცით. ყველაფერზე მუშაობას დრო სჭირდება. რაც დრო გავა, მით მეტი პოზიტივი უნდა მოითხოვოთ“.
შემადგენლობაზე
„ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. შეიძლება 1-2სხვა ფეხბურთელი გამომეძახებინა ნაკრებში, მაგრამ მთლიანობაში დიდი ნაწილი მაინც იგივე შემადგენლობა იქნებოდა, რაც ახლაა გამოძახებული“.
უკრაინა კვლავ დაუძლეველ ბარიერად რჩება