ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად UFC-ის ანალიტიკოსმა, მაიკლ ბისპინგმა ალექს პერეირას გადაწყვეტილება, რომ UFC Freedom 250-ზე განცდილი მარცხი გაასაჩივროს, მკაცრად გააკრიტიკა.
თეთრ სახლში გამართულ ისტორიულ ღონისძიებაზე ბრაზილიელი მებრძოლი მძიმე წონის საჩემპიონო ორთაბრძოლაში სირილ განთან მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა, რითაც ორგანიზაციის ისტორიაში პირველი სამი წონის ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვა.
პერეირა მიიჩნევს, რომ ფრანგის მიერ მიყენებული გადამწყვეტი დარტყმების ნაწილი თავის უკანა არეში, ანუ წესების დარღვევით მოხვდა, რის გამოც სოციალურ ქსელში აქტიურ კამპანიას ეწევა და შედეგის გაუქმებას ითხოვს. მისი გუნდი ოფიციალური აპელაციის შეტანას და რეფერი ჰერბ დეინის მისი მომავალი ბრძოლებიდან ჩამოშორებას გეგმავს.
მაიკლ ბისპინგმა Jaxxon Podcast-ში სტუმრობისას აღნიშნა, რომ პერეირას ეს საქციელი სოლიდურად არ გამოიყურება. ბისპინგის თქმით, პერეირა უბრალოდ ემოციების გავლენის ქვეშაა, გაბრაზებულია და ალბათ გარშემომყოფების წაქეზებით სჯერა საკუთარი სიმართლის, თუმცა ამ აპელაციას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ შედეგი უცვლელი დარჩება.
ამ დროისთვის უცნობია, რა ბედი ელის 38 წლის ბრაზილიელის კარიერას, რომელიც ქვემძიმე წონაში დაბრუნებასა და მძიმე წონაში დარჩენას შორის მერყეობს. თუ ის მძიმე დივიზიონში დარჩენას გადაწყვეტს, მას უკვე ჰყავს პოტენციური მეტოქე ჯოშ ჰოკიტის სახით, რომელთანაც პერეირას მწვავე კონფლიქტი ჯერ კიდევ მაისში, ნიუარკის პრესკონფერენციაზე და ბრძოლის კვირაში დაეწყო.