საინტერესოა, რა გზა გაიარა 29 წლის ქართველმა მებრძოლმა MMA-ს ყველაზე დიდ ორგანიზაციამდე.
ლევან ჩოხელი ქართული შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელმაც კარიერა ადგილობრივ დონეზე დაიწყო და შემდგომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია Bellator-ში დაიმკვიდრა ადგილი.
ჩოხელმა პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაიწყო და პირველივე ბრძოლაში აზერბაიჯანელი კამრან სულეიმანლი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ამის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა გამარჯვებების შთამბეჭდავი სერია განაგრძო და 2017-2019 წლებში ზედიზედ რამდენიმე მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა, მათ შორის ხუტა ქობალია, ორხან ვალიევი, ფარჰად მეშედი, მეჰდი ბაღერი, მილად ომრანი, შაჰრამ ჰაღი და ალი მორადი.
2020 წელს ლევანმა რუსი ისა ისაკოვი პირველივე რაუნდში ექიმის გადაწყვეტილებით ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო იმავე წელს კონრად დირშკასთან შეხვედრა „No Contest“-ით დასრულდა.
Bellator-ში ჩოხელის დებიუტი 2021 წელს შედგა, სადაც ქართველმა კაილ კრუჩმერთან მარცხი განიცადა.
შემდეგ კი ლევანმა სადებიუტო გამარჯვების მოპოვება შეძლო, სადაც მან ვინისიუს დე ჟესუსი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
2022 წელს გოიტი იამაუჩისთან შეხვედრა პირველ რაუნდში საბმიშენით დათმო, თუმცა იმავე წლის ნოემბერში წარმატებით დაბრუნდა და რომან ფარალდოს წინააღმდეგ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
2023 წელი ჩოხელისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აპრილში მან მაიკლ ლომბარდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო სექტემბერში საბაჰ ჰომასის წინააღმდეგ პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტი მოიპოვა.
2024 წლის სექტემბერში Bellator Champions Series-ის ფარგლებში ქართველმა ლორენზ ლარკინთან ბრძოლა პირველ რაუნდში ნოკაუტით დათმო.
2025 წლის 24 მაისს, Phoenix FC 4-ზე, ჩოხელმა ფრანგი ალექსანდრ გონსალვესი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა.
დღეისათვის ლევან ჩოხელის პროფესიონალური რეკორდი 14 გამარჯვება, 3 მარცხი და 1 No Contest არის.
ქართველი მებრძოლი ცნობილია აგრესიული სტილითა და ძლიერი დარტყმებით - მისი გამარჯვებების დიდი ნაწილი ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით არის მოპოვებული, რაც მას ქვესაშუალო წონის დივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფინიშერად აქცევს.
21 ივნისს, UFC Vegas 119-ზე ქართველის მეტოქე ასევე UFC-ის დებიუტანტი ლეონ შაჰბაზიანი იქნება.
ლევან ჩოხელის UFC-ში დებიუტზე დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ამის დრო ახლაღა დადგა. ლევანს აქამდე ხშირად ვხედავდით მერაბ დვალიშვილის მოსამზადებელ კემპებშიც.