ლუკა მოდრიჩი ყოველთვის იყო საოცარი ფეხბურთელი, მაგრამ ხორვატიის ნაკრების მაისურში მისი დიდებულება კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა.
ახლაც კი, 40 წლის ასაკში, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ბოლო წამამდე იბრძოლა და ევროპის საუკეთესო ნახევარმცველებს (ბრუნო ფერნანდეში, ვიტინია და ჟოაო ნევეში) არაფერი დაუთმო, მეტიც, მომენტებში აჯობა კიდეც.
ისიც სიმბოლურია, რომ მისი სანაკრებო ისტორია იმ კაცის წინააღმდეგ დასრულდა, რომელთან ერთადაც საკლუბო ფეხბურთში უდიდესი ეპოქა შექმნა. მან და კრიშტიანუ რონალდუმ ხომ მადრიდის რეალში ყველაფერი მოიგეს.

ლუკა მოდრიჩი ისტორიაში დარჩება იმ კაცად, რომელმაც ჯერ საკუთარ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოუტანა, შემდეგ კი მესი-რონალდუს ეპოქის გიჟურ კონკურენციაში, ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მათი 10-წლიანი დომინაცია დაასრულა.

ბოლო 20 წელიწადში თუ წარმოუდგენელი იყო ხორვატია და ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი ლუკა მოდრიჩის გარეშე, ამიერიდან ეს სურათი იცვლება. გულშემატკივარი უნდა მიეჩვიოს, რომ როცა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების თამაშს ჩართავენ, იქ მთავარი ჯადოქარი აღარ დახვდებათ.
მოდრიჩმა ბოლო ცეკვა მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე შეასრულა. მართალია დამარცხდა, მაგრამ ეს ღიმილით გააკეთა, რადგან ყველაზე კარგად მან იცის, თუ რისი შემოქმედი გახდა.
ომგამოვლილმა მწყემსმა ბიჭმა, რომელსაც ბაბუა სერბებმა მოუკლეს, ყველას დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ. მას ეუბნებოდნენ, რომ მისი სისუსტის გამო დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა.
პატარა ფეხბურთელმა ძალიან ბევრი იშრომა, უამრავი ბრძოლა გამოიარა და ოლიმპოს მთაზე ავიდა, იქ სადაც საფეხბურთო ღმერთების ადგილია.
მან ხორვატთა მთელ თაობას ულიდერა და გოლიათებთან ბრძოლაში იმარჯვა. მის მაგალითზე კი ახალი თაობები გაიზრდებიან და ვინ იცის, იქნებ ოდესმე კვლავ ვიხილოთ ხორვატი ჯადოქარი 10-ნომრიანი მაისურით, რომელიც ყველას გააოცებს.
ალბათ, ზედმეტი არ იქნება იმის თქმა, რომ ლუკა მოდრიჩმა თავის სამშობლოს საკუთარი თავი აჩუქა და ისმის კითხვა: რა უნდა იყოს ამაზე დიდი საჩუქარი შენი ქვეყნისთვის?!
