ფრანკფურტის აინტრახტი იწვის: მწვრთნელი ვარსკვლავებს დაერია
ფრანკფურტის აინტრახტში ვითარება ძალიან დაიძაბა. გუნდის მწვრთნელს, ალბერტ რიერასა და მთავარ ბომბარდირს, ჯონათან ბურკარდტს შორის სერიოზული კონფლიქტია.
„ზედმეტი წონა“ და ატეხილი სკანდალი
Bild-ის ინფორმაციით, რიერა ბურკარდტის ფიზიკურმა ფორმამ ისე გააცოფა, რომ პირადად დალაპარაკებაც კი არ ისურვა. მან თავის ასისტენტს უბრძანა, რომ ფეხბურთელი მკაცრად გაეკონტროლებინა. მიზეზი? მწვრთნელს ჰგონია, რომ ბურკარდტს სხეულში ცხიმის ზედმეტი პროცენტი აქვს და დაცვაშიც ზარმაცობს.
თავად ფეხბურთელი შოკშია. ამბობს, რომ იდეალურ ფორმაშია და მონაცემებიც მხოლოდ მინიმალურადაა აცდენილი ნორმას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბურკარდტმა თავისი აგენტი კლუბის სპორტულ დირექტორთან გაგზავნა საჩივრით. ამან ესპანელი მწვრთნელი უფრო გააგიჟა და ბურკარდტს კორიდორში მიაძახა - რატომ იჩივლეო.
გუნდში რიერას წინააღმდეგ ამბოხია
მხოლოდ ბურკარდტი არაა უკმაყოფილო. რიერამ ვეტერანებთანაც გააფუჭა ურთიერთობა: მარიო გიოტცე და არტურ თეატე თავს გარიყულად გრძნობენ, რობინ კოხთან კი მწვრთნელს პირდაპირი შელაპარაკება მოუვიდა.
კიდევ ერთი უცნაური დეტალი: 21-მილიონიან შენაძენს, რიცუ დოანს, მწვრთნელი მხოლოდ გვარით მიმართავს, რაც გუნდში ყველას თვალში ხვდება. დოანი და ჯან უზუნი უკვე სერიოზულად ფიქრობენ ზაფხულში გუნდიდან წასვლაზე.
მიუხედავად ამ ქაოსისა, ბურკარდტი გაჩერებას არ აპირებს. მას 26 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი და ყველაფერს აკეთებს, რომ იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს.
შაბათს ფრანკფურტის აინტრახტი ჰამბურგს ხვდება და მეშვიდე ადგილის შენარჩუნებას ეცდება, თუმცა ასეთი დაძაბული გასახდელით ეს იოლი არ იქნება.