აშშ-ის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ფორტალეზაში, არენა კასტელაოზე გამართულ მატჩში ბრაზილიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ეს შეხვედრა ფეხბურთის ისტორიაში შევა არა შედეგით, არამედ ოქტაგონის მსგავსი დაპირისპირებითა და არნახული რაოდენობის წითელი ბარათებით. მატჩის არბიტრმა, პაოლა სებოლადა ლოპესმა, ბრაზილიელებს ჯამში 8 წითელი ბარათი უჩვენა.
ემოციებმა პიკს მეორე ტაიმში მიაღწია, როდესაც სოფია უილსონის აქტიურობას ბრაზილიელი იზაბელა ჩაგასის ავტოგოლი მოჰყვა. ამის შემდეგ მოედანზე ვითარება სრულიად უმართავი გახდა.
მსაჯმა მოედნიდან გააძევა ბრაზილიის მთავარი მწვრთნელი არტურ ელიასი და მისი სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრი. წითელი ბარათი მიიღო ბრაზილიელთა თავდამსხმელმა ბია ზანერატომ. ტარციანემ სოფია უილსონისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო დატოვა მოედანი, რის გამოც ბრაზილიამ თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.
კიდევ ორი წითელი ბარათი ბრაზილიელ ფეხბურთელებს საფინალო სასტვენის შემდეგ, მსაჯთან ფიზიკური დაპირისპირების მცდელობისთვის უჩვენეს.
55,144 მაყურებლის თვალწინ გამართულ მატჩში, ტრავმის შემდეგ მოედანს ტრინიტი როდმანი დაუბრუნდა, ხოლო მე-80 წუთზე თამაშში ლეგენდარული მარტა ჩაერთო, რომლისთვისაც ეს ბრაზილიის მაისურით 212-ე შეხვედრა იყო.
მძიმე დაზიანება მიიღო 20 წლის დუდინიამ, რომელიც მოედნიდან საკაცათი გაიყვანეს და მეორე ტაიმში სათადარიგოთა სკამზე ყავარჯნებით დაბრუნდა.
აშშ-ის ნაკრებმა ამ გამარჯვებით რევანში აიღო კვირას კვირას განცდილი მარცხისთვის (1:2).