ფეხბურთის ისეთ გულშემატკივრად, როგორიც დღეს ვარ, 2002 წლის გვიან გაზაფხულზე ვიქეცი, როცა კალენდარზე 15 და 16 მაისი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.
მე და მამაჩემი SAMSUNG-ის ფერადი ეკრანის წინ ვსხედვართ. სიგნალი შორეული შოტლანდიიდან მოდის, მაგრამ ამბავი, რომელიც ხდება შოტლანდიური არ არის, ესპანურ-გერმანულია. გლაზგოში, ჰამპდენ პარკის ხასხასა ბალახზე თეთრ და შავ-წითელ ფორმებში გამოწყობილი ბიჭები დარბიან. ტრიბუნა გუგუნებს. ტრიბუნა დუღს. არაფერი მედარდება, არცერთ გუნდს არ ვქომაგობ, მაგრამ მამაჩემი მადრიდის რეალის მხარესაა, ამიტომაც მამათა და შვილთა ბრძოლის ჟანრის კანონი მოითხოვს,რომ მე ლევერკუზენის ბაიერისკენ ვიყო. თან გერმანელები არიან. ჩვენში დარჩეს და გერმანელების ქომაგი ვარ უხსოვარი დროიდან, სრულიად გაუცნობიერებელი და ალაბედად თავსდაცემული მიზეზის გამო. თან აქეთ ბალაკია. ბალაკი მევასება. შნაიდერიც აქეთაა. შნაიდერიც მევასება ნაკრებიდან, მაგრამ დიდად არ უქნია ღმერთს. მოკლედ, ხავსს ვეჭიდები. დროდადრო კადრში ჩნდება ლევერკუზენის მწვრთნელი, რომელიც პილატესეული, ტუჩთან გაბზარული ღიმილით გასცქერის მოედანს [გაივლისწლები და ეგ კაცი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდება და მამაჩემს ნიშნის მოგებით ვეტყვი, ხედავ, ვისთვის უნდა გეგულშემატკივრა-მეთქი?!]
წუთი მიდის მერვედა რაული, იმ დროისთვის მადრიდის მზე და მთვარე, აუტიდან ხელით მიწოდებული პასის შემდეგ აუჩქარებს და მერე ნერვის აუტოკებლად, მშვიდად შეანანავებს გოლს მეკარისგან მარცხენა კუთხეში.
მეთოთხმეტეზე გერმანელები ათანაბრებენ. შნაიდერი სტანდარტულიდან აწვდის და ლუსიო თავით იტანს ჯერ კიდევ ნორჩი და პირტიტველა კასილასის კარში. მამაჩემი დუმს, მე - ვიბრიქები, მაგრამ ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს, რომ მალე ისეთი მომენტის შემსწრე გავხდები, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ჩემს წარმოდგენას ფეხბურთზე, გულშემატკივრობასა და მშვენიერებაზე.
ეს მოხდება პირველი ტაიმის ბოლოს, როცა კარლოსი უპასებს სოლარის, სოლარი მაღალ ბურთს დაუბრუნებს კარლოსს, რომელიც საკმაოდ მოუხელთებლად, თითქოს იშორებსო, ამოსცხებს საჯარიმოს თავზე...
...აი აქ კი წამით შევისვენოთ ფეხბურთისგან და გავიხსენოთ მილოშ ფორმანის „ამადეუსი“. გახსოვთ, როგორ აღწერს მოცარტის მუსიკას სალიერი? ის ამბობს, რომ მელოდიას ჰქონდა ძალიან მარტივი დასაწყისი, შემოდიოდა ფაგოტების ხმა, „თითქოს ურემი მიჭრიალებდა“ - ამბობს ის, შემდეგ კი მათ თავზე, სადღაც ძააააალიან მაღლა, ერთი ნოტი ეკიდებოდა ჰაერში და ტრიალებდა, სანამ კლარნეტი არ აიტაცებდა მას...
ბურთი [თუ ნოტი] მაღლაა, ზინედინ ზიდანის თავზე. ფრანგი ტანით გრძნობს მსვერპლს, ჯერ ორ ფეხზე მაგრდება, მარცხენას ოდნავ ამჩატებს, კარგად გაწვრთნილი, დაგეშილი მაძებარივით ასწორებს დგომს და ზუსტად იმ დროს, როცა განგება, ბუნება თუ ბედისწერა კარნახობს, აკეთებს მოძრაობას, რომლის იდენტურად გამმეორებელიც ძეხორციელი არ მეგულება დედამიწაზე. ლევერკუზენის ცხრიანში (და ალბათ ფეხბურთის ისტორიაში) კი ისეთი გოლი გადის, რომელიც სრულიად ამსხვრევს გულშემარტკივრობის წესებს; რაც გაიძულებს გადააბიჯო პატივმოყვარეობასა და ჟანრის კანონებს; იძულებულს გხდის საკუთარ ეგოზე აცოცდე და იქიდან დაუკრა ტაში მოწინააღმდეგეს.
ზუსტად ასე მოვიქეცი. გლაზგოში მომხდარი ამბის გამო თბილისში, ვაზისუბნის მეოთხე მიკრო რაიონის პირველ კვარტალში, ჩეხური პროექტის სამოთახიან ბინაში ფეხზე ვიდექი და 12 წლის მოზარდი ტაშს ვუკრავდი ვიღაც გადამთიელს. განა რეალის გოლს ვაჯილდოებდი აპლოდისმენტებით, არა! მიხაროდა, რომ მშვენიერების მომსწრე გავხდი და აღმოვაჩინე, რომ მისი აღქმისა და დაფასების უნარი მაქვს.
ზინედინ ზიდანის ეს გოლი ჩემთვის, როგორც სპორტის გულშემატკივრისთვის, წყალგამყოფი აღმოჩნდა. მივხვდი, რომ შეიძლება უქომაგო რომელიმე საფეხბურთო კლუბს, მაგრამ სპორტისგან ჭეშმარიტ სიამოვნებას მხოლოდ მაშინ მიიღებ, თუკი მოწინააღმდეგე გუნდის ან საძულველი სპორტსმენის მიერ შექმნილი დღესასწაულიც აღგაფრთოვანებს.
ასე გახდა ზიდანი ჩემთვის დაკვირვების ობიექტი. მათ შორის 2002 წლამდე მოხდენილი სასწაულების და მას შემდეგ ჩადენილი ჯადოქრობების გამო. იქამდე საკადრისად ვერ ვხედავდი და ვერ ვაფასებდი თურმე. მას შემდეგ აღვიქვი სრულად ის ქორეოგრაფია, რომელსაც მოედანზე დგამდა. დავაფასე ის არქიტექტურა, რომელსაც ხაზავდა. ფორმულად გამოვიყვანე მის მიერ ბურთის დამორჩილების პროცესი.
მე თუ მკითხავთ მოსწავლეებს ფიზიკა უნდა აუხსნან ზიდანის მოძრაობებით; მოცეკვავეებს ტანის ბალანსი ასწავლონ; მუსიკოსებს პაუზის ხელოვნება; პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტებს - კი ვითარების წაკითხვა.
ჰო, იმ დღეს მამაჩემთან ნიძლავი წავაგე, მაგრამ არაუშავს. სხვა რამეები მოვიგე თურმე, ოღონდ ეს მერე აღმოვაჩინე.