-
Aa
+
ფონტის ზომა
უკვე დღეს, 13 ოქტომბერს, ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა საერთო ეტაპის მე-2 ტურით გვიბრუნდება.
პირველი ტურისგან განსხვავებით, სადაც მატჩები 3 სათამაშო დღეზე იყო გაშლილი და დღეში 6 თამაში ტარდებოდა, მეორეში ყველაფერი ძველ რელსებზე ბრუნდება და მატჩები სამშაბათი-ოთხშაბათს გაიმართება, შესაბამისად 6-ის ნაცვლად მივიღებთ 9 თამაშს, რომელთაგან რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესოა.
ნაადრევ მატჩებად ორი შეხვედრაა გამოტანილი :
ლანსი - სპორტინგი
პირველ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, სპორტინგმა საკუთარ მოედანზე გალათასარაი (3:1) დაამარცხა, ლანსმა კი სტუმრად სლავიას აჯობა (3:2).
საბაჰი - სლავია
აზერბაიჯანულმა საბაჰმა პირველი ტურის მატჩი, რომელიც მისთვის ამ ტურნირზე სადებიუტო აღმოჩნდა, მანჩესტერ იუნაიტედთან 0:4 დათმო, სლავიამ კი, როგორც ზემოთ გითხარით, საკუთარ კედლებში ლანსთან დათმო მატჩი (2:3).
შემდეგ კი დაიწყება 7 მატჩი, რომელიც ტრადიციულ დროს არის გამოტანილი:
არსენალი - ლილი
გასული სეზონის ფინალისტმა პირველ ტურში ნაპოლის მინიმალური ანგარიშით 1:0, დიეგო მარადონას სტადიონზე მოუგო. ლილმა კი თავისი მატჩი ბეტისთან საკუთარ მოედანზე დათმო (2:3).
ატლეტიკო - მანჩესტერი
დღის ცენტრალური დაპირისპირება მადრიდში გაიმართება. ატლეტიკომ პირველი ტურის მატჩი ენფილდზე ლივერპულთან დათმო (1:2), მეორე ტურში კი კიდევ ერთ ინგლისურ გრანდს უკვე სახლში დაუპირისპირდება და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. იუნაიტედმა ლიგაზე რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება აზერბაიჯანული საბაჰის განადგურებით (4:0) აღნიშნა.
გალათასარაი - ბარსელონა
გალამ პირველ წრეში სპორტინგთან სტუმრად თითქმის უშანსოდ 1:3 წააგო, თუმცა ბევრად უკეთ საქმეები არც ამ შეხვედრაში უნდა ჰქონდეს, რადგან ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ხვდება, რომელიც სეზონის დასაწყისში ევროპის საუკეთესო ფორმაშია. პირველ ტურში ბარსამ ფეიენოორდი 5:1 საკუთარ მოედანზე გაანადგურა.
ინტერი - ბრიუგე
პირველ ტურში კრისტიან კივუს გუნდი სანტიაგო ბერნაბეუზე რეალთან ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა და ახლა რეაბილიტაციის კარგი შანსი ექნება ბრიუგესთან, რომელმაც პირველი წრის მატჩი ასტონ ვილასთან 2:3 დათმო. პირველი სამი ქულა უკიდურესად მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის, თუმცა წყვილის ფავორიტი ნათელია.
ლაიფციგი - პსვ
პირველ ტურში გერმანული გუნდი ტურნირის დებიუტანტ კომოსთან უშანსოდ 1:4 განადგურდა, პსვ-მ კი კი დონეცკის შახტართან ფრე 1:1 ითამაშა.
ვიკინგი - ბაიერნი
ერთ-ერთი ის მატჩი, როცა შედეგზე მეტად ის უფრო გვაინტერესებს, მიუნხენური გრანდი რამდენ გოლს გაიტანს. ვიკინგებმა პირველი მატჩი სტუმრად სხვა გერმანულ გუნდთან, შტუტგარტთან 1:3 დათმეს და ბევრად მეტი პერსპექტივა არც ამ მატჩში ექნებათ. ბაიერნს კი პირველ ორ ტურში საკმაოდ მარტივი ბადე შეხვდა - გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში ბოდო გლიმტი არ დაინდო - 5:0.
ვილიარეალი - ნაპოლი
გიორგი მიქაუტაძის ამჟამინდელი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. პირველი ტურის მატჩი ყვითელმა წყალქვეშა ნავმა დორტმუნდთან ბრძოლაში 2:3 დათმო, ნაპოლიმ კი საკუთარ მოედანზე არსენალს ვერაფერი დაუპირისპირა - 0:1. ამიტომ, ორივე გუნდი ამ ტურნირზე თავისი პირველი ქულებისთვის იბრძოლებს.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები