UFC-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 14 ივნისის სატურნირო ბადე პირადად მან შეადგინა. სწორედ ამ დღეს, ვაშინგტონში, თეთრი სახლის გაზონზე გაიმართება 2026 წლის ჯერჯერობით ყველაზე მასშტაბური UFC-ის ღონისძიება.
ტურნირზე ორგანიზაციის უმსხვილესი ვარსკვლავები იჩხუბებენ. საღამოს მთავარი მოვლენა მსუბუქი წონის ჩემპიონის, ილია თოფურიას დაბრუნებაა, რომელიც ტიტულის დასაცავად ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. მანამდე კი, მძიმე წონაში დროებითი ქამრისთვის სერილ განე და ალექს პერეირა იბრძოლებენ.
ქარდის დანარჩენმა ნაწილმა ფანებში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - ამხელა მოლოდინების ფონზე, წარმოდგენილი შვიდი ბრძოლით ბევრი უკმაყოფილო დარჩა. ზოგი ამბობდა, რომ დანა უაითს შემადგენლობის შერჩევაში დიდი როლი არ ჰქონია, თუმცა თავად პრეზიდენტმა სულ სხვა რამ თქვა.
როგორც წესი, უაითი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ ბრძოლების ორგანიზებაში პირდაპირ აღარ ერევა და ამ საქმეს მთლიანად ჰანტერ კემპბელსა და მატჩმეიკერებს (მიკ მეინარდსა და შონ შელბის) უტოვებს, თუმცა, ქეითი მილერის პოდკასტში სტუმრობისას მან გაამხილა, რომ როდესაც გუნდმა ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დაუდო, თეთრი სახლის ქარდი პირადად მან შეარჩია:
მატჩმეიკერებმა ყველა შესაძლო ბრძოლა ჩამომიწერეს და სიები მომიტანეს, ბარათი კი უკვე მე ავაწყვე. ამ ტურნირზე ჩხუბი უამრავ ბიჭსა და გოგოს უნდოდა. მე ავირჩიე ის ბრძოლები, რომლებსაც დივიზიონისთვის მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებიც ვიცით, რომ მაგარი საყურებელი იქნება, და ის ხალხი, ვისი იმედიც მაქვს, რომ გამოვლენ და ნამდვილ შოუს დადებენ.
მისი ეს სიტყვები კარგად ხსნის იმასაც, თუ რატომ არ მისცეს ღონისძიებაზე ჩხუბის უფლება ჯონ ჯონსს. უაითმა საჯაროდ უარყო ჯონსის თხოვნა დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ყოფილ ჩემპიონს ბოლომდე ვერ ენდობოდა.