ილია თოფურია, რომელმაც გასულ ივნისში UFC 317 ტურნირზე ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და ორ წონით კატეგორიაში მეათე ჩემპიონი გახდა, ყოველთვის ასეთი თავდაჯერებული არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად კარიერაში დაუმარცხებელია (17-0), სპორტსმენმა გაამჟღავნა, რომ 2015 წელს, თავისი პირველი პროფესიონალური მატჩის წინ, შიშისგან კინაღამ კულისებში დარჩა.
Vic Blends-ის შოუში სტუმრობისას, თოფურიამ დებიუტის წინ მიღებული ემოციები გაიხსენა:
ხანდახან, როდესაც ოქტაგონზე შედიხარ, თავს ძალიან მარტოსულად გრძნობ. ფიქრობ, რომ მარტო ხარ და რაიმე რომ მოხდეს, ვერავინ დაგეხმარება და ვერავინ გადაგარჩენს. ჩემს პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში ისე მეშინოდა, ვფიქრობდი, საერთოდ რატომ არ ვისწავლე მეთქი, აქ რას ვაკეთებ-თქო. საშინელი შიში მქონდა, თუმცა ამავდროულად მოტივირებულიც ვიყავი. ჯოჯოხეთი გამოვიარე, ვეფიცები, კულისებში დარჩენას ვაპირებდი. პირველ თამაშზე ეს აზრი ნამდვილად გამიელვა
მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრაში მეტოქის დამარცხება სამ წუთნახევარში მოახერხა, ფსიქოლოგიურად ეს დღე მისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. კარიერის დასაწყისში თოფურია მახრჩობელა და მტკივნეული ილეთებით გამოირჩეოდა, ახლა კი ის UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამრტყმელად ითვლება. მსუბუქი წონის ჩემპიონი ოქტაგონს 14 ივნისს დაუბრუნდება, სადაც ტიტულის გასაერთიანებლად დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.