ილია თოფურიამ მსუბუქი წონის ტოპ-კონტენდერ არმან ცარუკიანთან შესაძლო ბრძოლა განიხილა და თავისი პროგნოზი გააკეთა.
155 ფუნტის (მსუბუქი წონის) ჩემპიონი 14 ივნისს, UFC-ის თეთრი სახლის ტურნირზე, დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის ხვდება. ამის შემდეგ კი, როგორც მოსალოდნელია, თოფურია სწორედ არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ილიას ჰკითხეს, თუ როგორ წარმოუდგენია ცარუკიანთან ჩხუბი. 17-0 სერიის მქონე მებრძოლმა არმანის ბოლო მეტოქე საერთოდ არაფრად ჩააგდო და თავდაჯერებულმა ახსნა, როგორ დამთავრდება ეს შეხვედრა:
არმანთან ჩხუბი კარგი იქნება. მისი ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ იყო. თავის პროფესიონალურ კარიერაში რა ვიცი, მგონი 20 წაგება აქვს. ჰოდა, ძმაო, შენ ცხოვრებაში ჩემნაირი არავინ შეგხვედრია. ყველას წინაშე შეგარცხვენ. ეს ბიჭი ფიქრობს, რომ მაგარია, გონია მისი ჭიდაობა არ ვიცი რა არის და თავს ოლიმპიურ ჩემპიონად გრძნობს. რაც არ უნდა იყოს, ჭიდაობაში მსოფლიოში საუკეთესოც რომ იყოს, ოქტაგონზე მე ვარ მეფე. იქ მე ვარ მეფე და შენთან იმას გავაკეთებ, რაც მომინდება. მე მას უკვე ვუთხარი, რომ პირველსავე რაუნდში ყბას მოვუტეხავ.
ის ბრძოლის დასაწყისშივე შეეცდება ჩემს წაქცევას, მაგრამ როცა მიხვდება, რომ ეს ასე მარტივი არ არის, პანიკაში ჩავარდება. ჩემი ფეხების დაჭერა და ჩემი პარტერში გაკონტროლება ასე იოლი გონია? გიჟია ეს? ჰოდა, დაიწყებს პანიკას და მეც ყბას მოვუტეხავ.