MMA-ის სამყარო სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარსკვლავის ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება. სულ რამდენიმე კვირის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, გამოაცხადა, რომ მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კონორ მაკგრეგორი ამ ივლისში ბრძოლას უბრუნდება.
ირლანდიელი ყოფილ ქვემსუბუქი წონისა და BMF ჩემპიონს, მაქს ჰოლოუეის, შეხვდება. ეს იქნება რევანში, რომელსაც ფანები 13 წელია ელიან. თავიდან განიხილებოდა ვარიანტი, რომ კონორს თეთრი სახლის ტურნირზე ეჩხუბა, თუმცა ორგანიზაციამ ამაზე უარი თქვა, რადგან იქ ბილეთების გაყიდვიდან დიდ მოგებას ვერ ნახავდნენ.
ის, რომ ირლანდიელი კვლავ ორგანიზაციის უმსხვილესი ვარსკვლავია, ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. 11 ივლისს გასამართ ტურნირამდე, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყო UFC-ის ფან-კლუბის წევრებისთვის. ეს პროცესი ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა - ბილეთები გაყიდვაში ჩაშვებიდან სულ რამდენიმე წუთში მთლიანად ამოიყიდა.
თავად მაკგრეგორიც გამოეხმაურა ამ ამბავს და სოციალურ ქსელში ბილეთების მომენტალურად გაყიდვის გამო სიცილის ემოჯი გამოაქვეყნა.
ამ დროისთვის შავ ბაზარზე ბილეთების ფასი უკვე კატასტროფულ ნიშნულამდე - 88,000 დოლარამდე გაიზარდა. ეჭვგარეშეა, რომ ირლანდიელი სპორტის სამყაროში ნამდვილი ანომალიაა და მისი ათწლიანი დომინაცია პოპულარობის მხრივ ისევ გრძელდება. მხოლოდ მაკგრეგორის მონაწილეობით გამართულ მატჩებს ჯამში 17 მილიონზე მეტი ფასიანი ტრანსლაციის გაყიდვა აქვს და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ივენთების ტოპ-ექვსეულს მთლიანად კონორის ბრძოლები იკავებს.