საქართველოს რაგბის ნაკრებმა აჭარაბეთ არენაზე ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ, ნოემბრის მე-3 ტესტ-მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართა.
ბორჯღალოსნების მეტოქე იაპონიის ნაკრები იყო, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
თამაშის პირველი ტაიმი იაპონელთა გამარჯვებით 6-16 დასრულდა. ქართველთა მხრიდან ორი ჯარიმა თედო აბჟანდაძემ შეასრულა ზუსტად, სტუმრებიდან კი ლელო რაილიმ დადო, 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა კი სონგ-სინმა მიითვალა.
მეორე ტაიმში ბორჯღალოსნებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს. სონგ-სინის მორიგი ჯარიმის შემდეგ ანგარიში 6-19 იყო, როცა აბჟანდაძემ ასევე ჯარიმით 9-19 გახადა ანგარიში.
68-ე წუთზე თაფლაძემ დადო ლელო, რომელიც თედომ ზუსტად გარდასახა, ამას კი სონგ-სინმა მორიგი ჯარიმით უპასუხა (16-22).
77-ე წუთზე უკვე კახოიძემ დადო ლელო, აბჟანდაძემ კი კვლავ ზუსტად შეასრულა გარდასახვა და საქართველოს ნაკრები უკვე ერთი ქულით წინ გავიდა.
მატჩის დასრულებამდე კი 2 წუთი იყო დარჩენილი, თუმცა მაშინ როცა უკვე ამოწურული იყო დრო, იაპონელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს, რომელიც სონგ-სინმა კვლავ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 23-25 დააფიქსირა.
ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტებზე მოგებული პირველი ორი მატჩის შემდეგ, მესამე შეხვედრა დასანანად წააგეს.
საქართველო 43-30 აშშ
საქართველო 38-17 კანადა
საქართველო 23-25 იაპონია