გავრცელებული ინფორმაციით, რომა ფროზინონესა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი კვერნაძეს აკვირდება, რომელსაც ახალ ხვიჩა კვარაცხელიადაც მოიხსენიებენ.
23 წლის ქართველ ფეხბურთელს თამაში როგორც მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე, ასევე უფრო ცენტრალურ პოზიციაზე შეუძლია. გასულ სეზონში ის ფროზინონეს ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო და გუნდს სერია B-დან უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაში დაეხმარა.
კვერნაძე მიმდინარე სეზონშიც შესანიშნავ ფორმაშია, სერია A-სა და იტალიის თასზე ჩატარებულ 6 შეხვედრაში მან 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფროზინონემ ქართველი ფეხბურთელი ფოთის კოლხეთიდან მხოლოდ 900 000 ევროდ შეიძინა, თუმცა მას შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. კვერნაძის თამაშმა მას თანამემამულესა და ნაპოლის ყოფილ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან შედარებებიც მოუტანა.
Retesport-ის ინფორმაციით, რომა უკვე ემზადება იმისთვის, რომ მომავალში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე იმუშაოს. ამასთან, რომაულ კლუბში მიაჩნიათ, რომ მათ ამ ბრძოლაში გარკვეული უპირატესობაც აქვთ.
საქმე ალესანდრო ფრარას ეხება, რომელიც მიმდინარე ზაფხულამდე ფროზინონეში მუშაობდა, ახლა კი რომას სპორტული დირექტორის, ტონი დ’ამიკოს გუნდის წევრია. შესაბამისად, ფრარა კვერნაძესა და მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.
გარდა ამისა, რომას მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის სათამაშო სტილი ქართველ ფეხბურთელს კარგად შეესაბამება.
წყაროს ცნობით, ჯალოროსიმ შესაძლოა კვერნაძის ტრანსფერისთვის ოფიციალური შეთავაზება უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გააკეთოს.
კვერნაძის ღირებულება გაორმაგდა - ყველაზე ძვირადღირებული ქართველები