ჩრდილოეთ ირლანდიურ ლარნესთან ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრი დემჩენკომ პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"პირველ შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, რისი მიზეზიც ვიზები, მგზავრობა, გადაჯდომა, უძილობა და მოედნის ხარისხი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მადლობა ბიჭებს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ეს გარემოებები და მიზეზები არავის აინტერესებს, რადგან მთავარი შედეგია.
პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ამას თან დიდი წნეხიც ახლავს. არა მხოლოდ იბერიასთვის, სრულიად ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია და ბიჭებს მისი მნიშვნელობა სრულად აქვთ გათავისებული. ასეთ დროს ფსიქოლოგიურ მომზადებას დიდი როლი აქვს და ამაზეც ვიმუშავეთ. ვეცდებით, ისტორია დავწეროთ.
აღდგენის პროცესს დიდი დრო დავუთმეთ, რადგან ორივე მგზავრობა ხანგრძლივი და დამღლელი იყო. ფეხბურთელები კარგად დავასვენეთ და ხვალისთვის 100%-ით მზად არიან. ვფიქრობ, პირველი შეხვედრისგან განსხვავებულ იბერიას იხილავთ.
მეტოქე ფიზიკურად ძლიერი, ტიპური ბრიტანული გუნდია. კარგად თამაშობენ სტანდარტულებისას და მეორე სართულზე. ველოდით იმას, რაც პირველ მატჩში შემოგვთავაზეს. იქ ბევრი შეცდომა გვქონდა და ხვალ ისინი უნდა გამოვასწოროთ.
რა თქმა უნდა, პენალტებამდე საქმის მიყვანა არავის სურს, მაგრამ ამაზეც ვიფიქრეთ. ყველას გვინდა, რომ სასურველ შედეგს ძირითად დროში მივაღწიოთ, მაგრამ გამორიცხული არაფერია და ყველა სცენარისთვის მზად ვართ", - ამბობს დემჩენკო.
იბერია 1999-ისა და ლარნეს პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ხვალ კი გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან ითამაშებენ. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.
წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას შორის დამარცხებულს.
"ამ ილუზიებს ჩაგიხშობთ" - იბერიას კაპიტნის მკაცრი გაფრთხილება ლარნეს