საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ, მარსელ დესაიმ GOAL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კილიან მბაპეს ალბათ „კოშმარები აწუხებდა“ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებისა და დემბელეს ოქროს ბურთის შემდეგ.
მბაპე რეალ მადრიდში სწორედ ამ ტიტულების მოსაპოვებლად გადავიდა, თუმცა დესაი აფრთხილებს, რომ ესპანეთში მისი უტიტულო პერიოდი შესაძლოა ოთხ წლამდე გაგრძელდეს.
მბაპემ პარიზი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დატოვა. შვიდი წლის განმავლობაში მან პსჟ-სთან ერთად 15 ტიტული მოიგო და 308 მატჩში 256 გოლი გაიტანა, თუმცა ევროპული მწვერვალის დაპყრობა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება მაინც ვერ მოახერხა.
კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა მბაპეს ყოფილი კლუბის წარმატებაზე, დესაიმ უპასუხა:
ვფიქრობ, რეალში გადასვლით მან ოცნება აისრულა, მაგრამ ალბათ რამდენიმე ღამე არ ეძინა, როცა დაინახა, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მეგობარმა კი ოქროს ბურთი აიღო. მიუხედავად ამისა, ის საკმარისად ჭკვიანია, რომ ფეხბურთისადმი სიყვარული შეინარჩუნოს. მისი სტარტი მადრიდში შესანიშნავი იყო, ის გამორჩეულია, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი მოიგო.
მბაპეს მომავალზე საუბრისას დესაიმ დასძინა:
ვერ წარმომიდგენია, რომ ის სადმე წავიდეს. რეალი მისთვის იდეალური კლუბია. შესაძლოა, 31 ან 32 წლის ასაკში ახალი თავგადასავალი ეძებოს, მაგრამ უახლოეს წლებში არსად წავა. მადრიდში არავინ ამბობს, რომ ის რეალის დონის არ არის. პრობლემა უფრო სხვა ფეხბურთელების პოზიციონირებაშია.
მბაპემ დაამტკიცა, რომ წინა ხაზზე ლიდერია და მას ისეთივე დიდ თავდამსხმელად დაიმახსოვრებენ, როგორებიც კარიმ ბენზემა ან უგო სანჩესი იყვნენ. უნდა ვთქვათ, რომ მაინც სავსებით შესაძლებელია, მას სამი-ოთხი წელი ყოველგვარი ტიტულის გარეშე გატარება მოუწიოს.