არგენტინის ნაკრების, ნაპოლის და პსჟ-ს ყოფილმა ფორვარდმა, ეზეკიელ ლავესიმ, Corriere della Sera-სთან ინტერვიუში საკუთარ ცხოვრებაში არსებულ ყველაზე მძიმე პერიოდზე გულწრფელად ისაუბრა.
40 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ფსკერზე დაეშვა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
ბრძოლა სიბნელესთან და დეპრესიასთან
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი იხსენებს, რომ დამოკიდებულებამ ის სრულ სიბნელეში ჩააგდო. პოჩოს თქმით, ის საკუთარ თავსა და ახლობლებს დიდ ტკივილს აყენებდა.
„სრულ სიბნელეს ვგრძნობდი. საკუთარ თავს ვვნებდი, ისევე როგორც ჩემს საყვარელ ადამიანებს. დეპრესია და შფოთვითი შეტევები ერთმანეთს ენაცვლებოდა. გონება არასდროს მქონდა ნათელი, თავი მხოლოდ ნეგატიური აზრებით მქონდა გამოტენილი“, - იხსენებს პოჩო.
გზა რეაბილიტაციისკენ
ფეხბურთელმა აღიარა, რომ დადგა მომენტი, როცა საკუთარი თავის დანახვა ვეღარ შეძლო. მეუღლისა და ოჯახის მხარდაჭერით, მან დახმარება სპეციალისტებს სთხოვა და კლინიკაში მკურნალობის კურსი გაიარა. ლავესი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა მეორე შვილის, ვიტორიოს დაბადებამ მას ცხოვრების გაგრძელების ძალა მისცა.
„ფსკერზე ვიყავი. ყველას, ვინც მსგავს მდგომარეობაშია, ვურჩევ: სთხოვეთ დახმარება. ვამაყობ, რომ ჩემი სისუსტე ვაღიარე და მას პირისპირ დავუდექი. ავადმყოფობამ შემცვალა, სხვანაირი კაცი გავხდი. ზოგჯერ სინათლეს ვერ დააფასებ, თუ მანამდე სიბნელე არ გინახავს“, - ამბობს ის.
ფეხბურთმა გადაარჩინა
პოჩომ, რომელმაც კარიერა 2020 წელს, 34 წლის ასაკში დაასრულა, აღნიშნა, რომ ფეხბურთი მისი გადარჩენის მთავარი გზა იყო. ახლა მისი მიზანია დააფასოს უბრალოება, ისიამოვნოს ოჯახთან ერთად ყოფნით და აღარასოდეს დაივიწყოს ის გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებამ ჩაუტარა.