-
Aa
+
ფონტის ზომა
ენჯ პოსტეკოგლუმ, რომლის გუნდიც აგებდა, კაპიტანი მოედნიდან გაიყვანა და თამაშის შემოსატრიალებლად ახალი ენერგია გამოიყენა, რამაც წლების განმავლობაში ტაბუდადებული კითხვა გააჩინა: დაიწყო თუ არა დრომ რონალდუზე თავისი კვალის დატოვება?
დამამში განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავდა ორი თვის წინ, ჰიუსტონში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კონგოსთან მატჩს, სადაც რონალდუს გოლი არ გაუტანია. 2022 წლის მუნდიალის შემდეგ, მან დიდ ტურნირებზე 10 შეხვედრა ჩაატარა და 33 დარტყმიდან არცერთი ყოფილა შედეგიანი.
ტიერი ანრიმ ეს პრობლემა მარტივად ახსნა:
გუნდს გოლები სჭირდება და არა ინდივიდუალიზმი
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მაშინ მისი შეცვლა ვერ გაბედა, რადგან საჯარიმოში კრიშტიანუს გამოცდილებას „შეუცვლელად“ თვლიდა. კონგოელმა ნახევარმცველმა, ნგალაიელ მუკაუმ კი მატჩის შემდეგ პირდაპირ განაცხადა: „ვიცით, რომ ის აღარ არის ისეთი მოთამაშე, როგორიც ადრე იყო“.
ორი თვის შემდეგ, სრულიად განსხვავებულ ვითარებაში, როცა ალ-ნასრი კაცნაკლული იყო და 0:2-ს აგებდა, პოსტეკოგლუმ ის გააკეთა, რასაც მარტინესი მოერიდა. მან რონალდუ ალ-ხაიბარითა და ალ-ჰამდანით ჩაანაცვლა. შედეგმა გაამართლა: სადიო მანეს დუბლითა და ალ-ომარის გოლით ალ-ნასრიმ 3:2 მოიგო. მარტინესისგან განსხვავებით, ავსტრალიელ სპეციალისტს არა მხოლოდ გოლი, არამედ მოედანზე ბალანსი და პრესინგი სჭირდებოდა, რაშიც რონალდუ მონაწილეობას თითქმის არ იღებდა.
პირველ ტაიმში რონალდუს სტატისტიკა არადამაჯერებელი იყო. მხოლოდ 2 დარტყმა (1 ზუსტი) და მოსალოდნელი გოლების (xG) მაჩვენებელი - 0.05. ის შეტევების მშენებლობაში ფაქტობრივად არ მონაწილეობდა: ბურთთან მხოლოდ 7 შეხება და 5-დან 3 ზუსტი პასი ჰქონდა. 12-ე წუთიდან 10 კაცით დარჩენილ ალ-ნასრის სჭირდებოდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშზე გავლენას მოახდენდა, რაც კრიშტიანუმ პირველ 45 წუთში ვერ შეძლო.
41 წლის რონალდუსთვის, რომელიც ალ-ნასრის რთულ გარემოშიც პრობლემებს აწყდება, დროის ფაქტორის უგულებელყოფა უკვე შეუძლებელია. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ დასასრული დადგა, რადგან რონალდუს კარიერა მოლოდინების დამსხვრევაზეა აგებული, თუმცა ერთი რამ აშკარაა: კრიშტიანუს შეცვლაზე საუბარი უკვე ტაბუდადებული აღარ არის.
მთავარი კითხვა ახლა ისაა, თუ როდის მოუწევს ფეხბურთს იმის აღიარება, რომ ის ვერსია, რომელსაც სამყარო იცნობდა, ძველებურად ეფექტური აღარ არის.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები