ბარსელონამ სახსრების მოძიება უნდა განაგრძოს, რათა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ლა ლიგის „1:1 წესს“ დაუბრუნდეს.
კლუბი დროს ეჯიბრება, რათა ეს მიზანი რეალობად იქცეს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით დიდი პროგრესი არ შეიმჩნევა.
მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ ბარსელონა ამ წესთან დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა, რაც კლუბს ზაფხულში ახალი ფეხბურთელების გაფორმებისას მეტ თავისუფლებას მისცემს. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც კატალონიელთა წინაშე დგას, წინასასეზონო გეგმებს უკავშირდება. შესაძლოა, გუნდი ზედიზედ მეორედ აზიაში გაემგზავროს.
გასულ ზაფხულს ბარსელონამ იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ითამაშა. Mundo Deportivo-ს ცნობით, არსებობს შანსი, რომ გუნდი ამ უკანასკნელს 2026 წელსაც ეწვიოს. კატალონიელებს ერთი ამხანაგური მატჩისთვის 9-10 მილიონ ევროს სთავაზობენ, კლუბის ხელმძღვანელობა კი ამ წინადადებაზე ამჟამად ფიქრობს.
ამ ეტაპზე ბარსელონას ზაფხულის წინასასეზონო პროგრამა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება, სადაც გუნდი 2025 წლამდე რეგულარულად ჩადიოდა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამო გამოირიცხა. სწორედ ამიტომ გაჩნდა სამხრეთ კორეაში დაბრუნების შესაძლებლობა. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ მუნდიალზე ბევრი ფეხბურთელი იქნება დაკავებული, რაც 2026-27 წლების სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელ პერიოდს საგრძნობლად ამოკლებს.
ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, სრულფასოვანი წინასასეზონო ტურნე საერთოდ არ შედგეს. ასეთ დროს კი დედამიწის მეორე მხარეს ერთი მატჩის ჩასატარებლად გაფრენა ჰანსი ფლიკისა და მისი გუნდის ინტერესებში ნაკლებად შედის. თუმცა, ბარსელონამ წარსულში არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსგავსი გლამურული ამხანაგური შეხვედრების დაგეგმვისას გუნდის ინტერესებს ხშირად მეორეხარისხოვნად განიხილავს.