8 მაისს, 17:00 საათზე, თბილისი არენაზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ მატჩს გამართავს.
ჩვენს გუნდს ერთი ნაბიჯი აშორებს ევროპის ჩემპიონატამდე და გამარჯვების შემთხვევაში ამ ნაბიჯს გადადგამს.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი ზედიზედ 2 მარცხით დაიწყო. პირველ შეხვედრაში სწორედ საბერძნეთთან დავმარცხდით 27:26, შემდეგ კი ისლანდიასთან დავთმეთ მატჩი 25:30.
ცუდი სტარტის შემდეგ ეროვნულმა გუნდმა მობილიზება მოახერხა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ზედიზედ 2-ჯერ მოუგო - სახლში 28:26, გასვლაზე კი - 20:22.
ახლა ჯგუფში ისლანდია 8 ქულით პირველ ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული აქვს, მეორე ადგილზე საქართველოა 4 ქულით და საბერძნეთის დამარცხების შემთხვევაში კონტინენტის პირველობაზე თამაშს ჩვენც გავინაღდებთ.
ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად წინა ტურნირზე, 2024 წელს გავიდა, სადაც ჯგუფში ისტორიული თამაში მოიგო კიდეც - ბოსნიასთან 19:22.
2026 წელს ჩემპიონატი დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიმართება.
იმასაც გეტყვით, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე დასწრება თბილისი არენაზე თავისუფალია.