1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
წილისყრამ მისი გუნდი, სხვა მეტოქეებთან ერთად, არსენალსა და ყოფილ გუნდ ინტერს დაუპირისპირა.
ჩემპიონთა ლიგის ეპოქის ერთ-ერთმა უდიდესმა მწვრთნელმა მოურინიომ სახელი ამ ტურნირის 2003/04 წლების სეზონში პორტუსთან ერთად მოგებით გაითქვა, ხოლო 2009/10 წლებში იგივე წარმატება ინტერთან ერთად გაიმეორა.
მანამდე მას ჩელსიში ორი გამორჩეული პერიოდიდან პირველი ჰქონდა გატარებული. 2010-დან 2013 წლამდე მოურინიო რეალს წვრთნიდა. 63 წლის სპეციალისტმა UEFA-სთან ინტერვიუში განმარტა, რატომ დატოვა მისთვის საოცნებო სამსახური ბენფიკაში და რატომ გადაწყვიტა ევროპის 15-გზის ჩემპიონთან დაბრუნება.
„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კლუბში ვბრუნდები. მანამდე ჩელსიში დავბრუნდი. კლუბი დაახლოებით 2008 წელს დავტოვე და 2013-ში დავბრუნდი. როდესაც 2010 წელს მადრიდის რეალში მივედი, მანამდე ტრებლი მქონდა მოგებული. ინტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ყველაფერი მოვიგე, ასევე მწვრთნელებისთვის განკუთვნილი FIFA-ს პირველი ოქროს ბურთი. რეალში ყოვლისმომცველი წარმატებული სეზონის შემდეგ მივედი.
ამჯერად კი აქ მოსვლამდე არაფერი მქონდა მოგებული. კლუბმა გადაწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღო, რაც ჩემ შესახებ უკვე იცოდა. იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, კლუბმა ჩათვალა, რომ პასუხი მე ვიყავი, რომ სწორედ მე შემეძლო მათი დახმარება. ჩემთვის ეს სიამაყის მომენტი იყო.
გასულ სეზონში, როდესაც პორტუგალიაში ვიყავი, არ დამიმალავს, რას ნიშნავდა ჩემთვის ბენფიკა, ეს ისეთი რამ იყო, რომლის დამალვასაც თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ვახერხებდი. ბენფიკაში თავს კარგად ვგრძნობდი, იქ ყოფნა მომწონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაცას ვაშენებდით, რაც მოკლე ვადაში შედეგს მოგვიტანდა, მაგრამ მადრიდის რეალი მადრიდის რეალია და ამით ყველაფერი ნათქვამია.“
„ყველამ იცის ინტერისა და არსენალის შესახებ. არსენალი ჩემპიონთა ლიგის მოგებას 20 წელზე მეტია ცდილობს და გასულ სეზონში მიზნის მიღწევამდე ერთი მატჩი დააკლდა. მათ ამის პოტენციალი აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ ტურნირის მოსაგებად.
ინტერს ფანტასტიკური გუნდი ჰყავს და ვიტყოდი, რომ ისინი ყოველწლიურად უმჯობესდებიან, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისეთ მწვრთნელებთან მუშაობდა, რომლებიც ერთსა და იმავე, ხუთმცველიან სისტემას იყენებენ. ერთი ფეხბურთელი მიდის და მის ნაცვლად უკეთესი მოდის. ცხადია, ორივე გუნდი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძოლებს.
რომას ამ სეზონში მართლაც განსაკუთრებული გუნდი ჰყავს. ასევე არიან ისეთი გუნდები, როგორებიც ლაიფციგი, პსვ და აეკი არიან, კლუბები დიდი ევროპული ტრადიციებით. არ მინდა, ქედმაღლობამ მძლიოს და ვთქვა, რომ აუცილებლად გავალთ შემდეგ ეტაპზე. ვფიქრობ, კვალიფიკაციას მოვიპოვებთ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ამისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს. თითოეულ მატჩს ცალ-ცალკე უნდა მივუდგეთ და ქულების მოპოვებაზე ვიფიქროთ.“
„ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავდროულად რეალისტებიც და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ოპტიმისტები იმ გაგებით უნდა ვიყოთ, რომ ვიცოდეთ, ცუდი პერიოდიც აუცილებლად მოვა. ძლიერი, ერთიანი და ოპტიმისტური ჯგუფის ჩამოყალიბება საუკეთესო გზაა რთული მომენტების გადასალახად, როდესაც ისინი დადგება, რადგან სეზონი ავტომაგისტრალი არ არის, გზაზე აღმართებიც არის, დაღმართებიც და მოსახვევებიც. ჩვენ კი მათი გადალახვა უნდა შეგვეძლოს.
სეზონი გამარჯვებებით დავიწყეთ, კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და გასულ სეზონთან შედარებით სრულიად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ვტოვებთ.“
„მადრიდის რეალი უზარმაზარი კლუბია და ეს კარგად გვესმის. რა თქმა უნდა, ჩვენს მხრებზე პასუხისმგებლობის უდიდესი ტვირთია და მოლოდინებიც ძალიან მაღალია, მაგრამ ასეთ გარემოში თავს კომფორტულად ვგრძნობ.
[ყურადღების ცენტრში ყოფნა] გრძელდება და ყოველი მატჩისას ჩემკენაა მომართული. ჩემმა სამწვრთნელო შტაბმა და ანალიტიკოსებმა იციან, რომ როგორც კი მატჩი დასრულდება და ავტობუსში ან თვითმფრინავში ავალთ, მომდევნო შეხვედრისთვის სამუშაო მასალა უკვე უნდა მომაწოდონ.
მომდევნო დღეც კი არ მაქვს იმისთვის, რომ საკუთარ თავს ვუთხრა: „დღეს ფეხბურთზე არ ვიფიქრებ. მომდევნო მატჩზე არ ვიფიქრებ. ამისთვის დრო მაქვს.“ ეს მუდმივი ციკლია, რომელიც ერთი მატჩიდან მეორემდე განუწყვეტლივ მეორდება.“
„ყოველთვის მომდევნო მატჩი უნდა მოვიგო. ვფიქრობ, ეს ციკლი 20 წელზე მეტი ხნის წინ დავიწყე და მისგან მხოლოდ მაშინ გამოვალ, როდესაც ამ საქმეს საბოლოოდ დავტოვებ. ეს არის ციკლი: „მომდევნო მატჩის მოგება მინდა.“ „რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი?“ ამ კითხვაზე სწორი პასუხი არასდროს მაქვს, რადგან თუ ხვალ ესპანეთის თასის მატჩი გვაქვს, მაშინ კოპა დელ რეი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ხდება. ხვალინდელი დღის შემდეგ კი, თუ მომდევნო შეხვედრა ჩემპიონატშია, ყველაზე მნიშვნელოვანი უკვე ჩემპიონატი ხდება.
ჩემი ამბიცია მუდმივად ბრუნდება და ეს დროდადრო კი არა, ყოველი მატჩის შემდეგ ხდება. თუ გუშინ მოვიგე, კიდევ მინდა მოგება. თუ გუშინ დავმარცხდი, აღარ მინდა კიდევ ერთხელ წავაგო, ამის ნაცვლად მოგება მსურს. სწორედ ასეთ ციკლში ჩემი ამბიცია მუდმივად ახლდება. ეს ჩემი ნამდვილი ბუნებაა.“
ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს მადრიდის რეალი ბერნაბეუზე გახსნის. ჟოზე მოურინიოს გუნდი 8 სექტემბერს ინტერს დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები