ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ტრიუმფით დაასრულა და პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, რითიც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
ყველა მოთამაშემ საოცრად ითამაშა, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსი, რა თქმა უნდა, არის გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც სამივე მატჩში დიდებული იყო და ჩვენი გუნდი ბევრჯერ განწირულ სიტუაციაში იხსნა, მარტო პორტუგალიელი დალოს დარტყმულის მოგერიება რად ღირს.
ქართველ მეკარეს ზურგს სტატისტიკაც უმაგრებს. მან ჯგუფური ეტაპი ყველაზე მეტი მოგერიებით დაასრულა, თანაც დიდი უპირატესობით.
უეფას მონაცემებით, მამარდას ანგარიშზე 20 მოგერიებაა, მეორე ადგილზე კი რუმინელი ფლორინ ნიცეა 13 სეივით.
ასევე გიორგი ლიდერია ყველაზე მეტი მოსალოდნელი გოლის აღკვეთაში. მისი მაჩვენებელი 3.58 არის, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე ფრანგი მაიკ მენიო არის (2.75), ხოლო მესამეზე ესპანელი უნაი სიმონი (2.47).
სტატისტიკური ვებ-გვერდის Sofascore-ის ვერსიით კი მამარდაშვილი საერთოდაც ტურნირის 3 საუკეთესო მოთამაშეში შედის.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ საშუალო შეფასებით პირველ ადგილზე ესპანელი ფაბიან რუისია (8.60), მეორე ადგილზე გიორგი მამარდაშვილი (8.17), მესამეზე კი ბელგიელი კევინ დე ბრუინი (8.07).
ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ-ჯერობით ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ქართველია და მისი სახელი გიორგი მამარდაშვილია.