სენეგალის დედაქალაქ დაკარში საქართველოს ჰიმნი გაისმა!
IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი ქართველი მოკრივე, ემილ ისმაილოვი გახდა. მან 55 კგ წონით კატეგორიაში კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა და ქვეყანას მიმდინარე ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ისმაილოვმა ასპარეზობა დომინიკელი მაიკლ რეიესის დამარცხებით (4:1) დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში ლიბანელი რამზი ჰილალის მშრალზე დატოვება (5:0) მოჰყვა. ნახევარფინალში ქართველს ბრძოლა ფაქტობრივად აღარ დასჭირვებია, რადგან კანადელმა ლისანდრო გარსია რებელომ ხელის ტრავმის გამო რინგზე გასვლა ვეღარ შეძლო.
რაც შეეხება ფინალურ ჯახს, ემილმა ავსტრალიელ მარლი დოდს სრულიად უშანსოდ, 5:0 გადაურბინა და დამსახურებული ჩემპიონობაც გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიადებზე ეს საქართველოსთვის მეორე უმაღლესი სინჯის მედალია. პირველად მსგავსი შედეგი 2018 წელს, ბუენოს-აირესში დაფიქსირდა, როცა ჩემპიონობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძემ იზეიმა.