აშრაფ ჰაკიმიმ პსჟ-ში გატარებული ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გუნდის ღირსებას ლიონელ მესი იცავდა.
მაროკოელმა მცველმა გულწრფელად აღიარა, რომ არგენტინელ ვარსკვლავთან ერთად თამაშით სიამოვნებას ვერ იღებდა, რადგან საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ვერ ახერხებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მესის გვერდით თამაში ბევრი ფეხბურთელისთვის ოცნებაა, ჰაკიმისთვის ეს ტაქტიკურ ბარიერად იქცა. პარიზში ლეგენდარული თავდასხმის ტრიოს: მესის, ნეიმარისა და კილიან მბაპეს ჩამოყალიბებამ გუნდის სათამაშო სტილი სრულად შეცვალა.
ჰაკიმი ამბობს, რომ ამ ვარსკვლავური სამეულის ჩრდილში მისი, როგორც შემტევი მცველის თვისებები, თითქმის დაიკარგა. იმ პერიოდში მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ბალანსი აკლდა, რამაც პსჟ-ს ევროპულ სარბიელზე წარმატება ვერ მოუტანა.
სიტუაცია მხოლოდ ლუის ენრიკეს მოსვლისა და მესი-ნეიმარის წასვლის შემდეგ გამოსწორდა. ჰაკიმი პოდკასტში THE BRIDGE აღნიშნავს, რომ სწორედ ახლა გრძნობს თავს მნიშვნელოვან ფიგურად, რაც მის თამაშზეც აისახა. მისი თქმით, მესის ყოფნისას თავს ისე გრძნობდა, როგორც დამწყები ფეხბურთელი, რადგან მინდორზე იმის კეთების საშუალება არ ეძლეოდა, რაც ყველაზე მეტად უყვარს: შეტევაში აქტიურად ჩართვა.
მაროკოელი ფეხბურთელი იმ კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომელიც წლების წინ მის მიმართ ისმოდა. გულშემატკივრები ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყო ჰაკიმი მაროკოს ნაკრებში შეუჩერებელი, პარიზში კი უფერული. დღეს აშრაფმა დაამტკიცა, რომ პრობლემა არა მის ფორმაში, არამედ იმ ტაქტიკურ მონახაზში იყო, რომელიც მესის გარშემო იგებოდა.