გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ, პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, დააანონსა, რომ კლუბის მოედანს მიღმა მიმდინარე პროცესებზე Netflix-ი დოკუმენტურ სერიალს გადაიღებდა.
როგორც L’Équipe იუწყება, პროექტი, შესაძლოა, საერთოდ ვეღარ ვიხილოთ.
პირველი ეპიზოდები უკვე გამოსული უნდა იყოს. გადაღებები გასულ სეზონში, იანვრის ბოლოს, მანჩესტერ სიტისთან მატჩამდე დაიწყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეჩერებულია. პრობლემა მაშინ წარმოიქმნა, როცა Netflix-მა გასახდელსა და მოედანზე მეტი წვდომა მოითხოვა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი?
სერიალის რეჟისორს, დოლორეს ემილს, სურდა არა უბრალოდ სპორტული ისტორიის, არამედ ფეხბურთელების პირადი ამბების ჩვენებაც. პსჟ-ს ხელმძღვანელობა ამის წინააღმდეგი იყო. Netflix-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები გადატვირთული გრაფიკის გამო შენელდა, თუმცა რეალობა უფრო ჩახლართულია.
კლუბში შიშობენ, რომ თუ გადამღებ ჯგუფს ყველგან არ შეუშვებენ, ფილმი უბრალო სარეკლამო რგოლს დაემსგავსება. ამასთანავე, პსჟ-ს შიგნითაც ეწინააღმდეგებიან ამ იდეას, რადგან თვლიან, რომ კამერები გუნდის ყოველდღიურ რუტინას დაარღვევს. ბევრმა ფეხბურთელმა საერთოდ უარი თქვა გადაღებებზე.
ამ უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი ლუის ენრიკეა. Movistar-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 2023/24 წლების სეზონს ასახავდა, მთავარი გმირი თავად მწვრთნელი იყო, ფეხბურთელები კი მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდნენ.
ლუის ენრიკეს იმაში ადანაშაულებენ, რომ მას მთელი ყურადღების საკუთარ თავზე მიპყრობა უყვარს. თავად მწვრთნელი კი მიიჩნევს, რომ ზედმეტი კამერები და ფეხბურთელების პრობლემების საჯაროდ გამოტანა გუნდს მატჩების მოგებაში ხელს შეუშლის.