-
Aa
+
ფონტის ზომა
პორტუგალიელი სპეციალისტი INEOS-მა ერიკ ტენ ჰაგის ნაცვლად 2024 წლის ნოემბერში მოიყვანა. ლისაბონის სპორტინგში გატარებული წარმატებული ოთხი წლის შემდეგ, ამორიმს მანჩესტერ იუნაიტედი დიდების მწვერვალზე უნდა დაებრუნებინა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. 14-თვიანი მუშაობის შემდეგ ის პოსტიდან გაათავისუფლეს, სეზონის ბოლომდე კი მოვალეობის შემსრულებლად მაიკლ კერიკი დანიშნეს.
ინგლისელმა საქმეს თავი ბრწყინვალედ გაართვა: მის ხელში გუნდმა 10 მატჩიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კერიკის მუდმივ მწვრთნელად დატოვებას ითხოვს, იუნაიტედი ზაფხულისთვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. INEOS-ის ფავორიტთა სიაში პსჟ-ს დამრიგებელი, ლუის ენრიკეც ფიგურირებს.
ლუის ენრიკემ სახელი ბარსელონაში გაითქვა, სადაც 2014/15 წლების სეზონში ტრეპლი შეასრულა. კამპ ნოუზე გატარებულ სამ სეზონში მან 9 ტიტული მოიგო, 2017 წელს კი ესპანეთის ნაკრები ჩაიბარა. ფურია როხაში გატარებული დროის შემდეგ, მან პაუზა აიღო და 2023 წლის ზაფხულში პსჟ-ს მიაშურა. გასულ სეზონში ესპანელმა პარიზელებს ისტორიული ტრეპლი მოაგებინა, მათ შორის კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი.
მისი გამარჯვებული მენტალიტეტი და ვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება მას იუნაიტედისთვის იდეალურ კანდიდატად აქცევს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავად ენრიკესაც სურდა პრემიერ ლიგაში ძალების მოსინჯვა, თუმცა ბოლო სიახლეებმა მანჩესტერელთა გეგმები შესაძლოა ჩაშალოს.
გამოცემა The I-ის ცნობით, ენრიკე პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. პარიზული წყაროები დარწმუნებით ამბობენ, რომ ის ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელიც 2027 წლის შემდეგაც ძალაში იქნება. კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, პირადად არის დაინტერესებული ესპანელის გრძელვადიანი დარჩენით.
როგორც ირკვევა, ესპანელი ტალანტის, დრო ფერნანდესის ტრანსფერი, რომლისთვისაც ევროპული გრანდები იბრძოდნენ, ერთგვარი გარანტია იყო ენრიკესთვის, რომ პსჟ მის პროექტს სრულად უჭერს მხარს.
მართალია, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელებს, ომარ ბერადასა და ჯეისონ უილკოქსს ენრიკეს დანიშვნა ძალიან სურთ, თუმცა INEOS მაინც მაიკლ კერიკის ვარიანტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოუპოვებს. ამასთანავე, ენრიკეს მომავალს პეპ გვარდიოლასაც უკავშირებენ და არ გამორიცხავენ, რომ მომავალში მან თანამემამულე მანჩესტერ სიტიში შეცვალოს.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები