მანჩესტერ იუნაიტედის მცველი კვლავ ყურადღების ცენტრშია, თუმცა ამჯერად არა მხოლოდ მოედანზე დაშვებული შეცდომის, არამედ მისი ემოციური რეაქციის გამო.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) ჰარი მაგუაირის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო, რაც ბორნმუთთან მატჩში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
წითელი ბარათი და დაპირისპირება მსაჯებთან
პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, ბორნმუთი და მანჩესტერ იუნაიტედი ერთმანეთს დაუზავდნენ (2:2). შეხვედრის 78-ე წუთზე 33 წლის მაგუაიერმა საკუთარ საჯარიმოში მეტოქის თავდამსხმელი, ევანილსონი წააქცია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა, სტიუარტ ატველმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
გადაწყვეტილება VAR-მაც დაადასტურა, რამაც მაგუაიერი მწყობრიდან გამოიყვანა. განრისხებული მცველი ჯერ ატველს დაუპირისპირდა, შემდეგ კი მეოთხე მსაჯს, მატ დონოჰიუს მივარდა. სწორედ ეს მომენტი გახდა მისთვის საბედისწერო.
რას ედავებიან მაგუაიერს?
გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, ინგლისელ მცველს ბრალად ედება არასპორტული საქციელი, შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება და მეოთხე მსაჯის მიმართ აგრესიული ქცევა. ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰარი მაგუაიერს დღეს, 2 აპრილს ეწურება ვადა, რათა ამ ბრალდებებს ოფიციალურად უპასუხოს.
დისკვალიფიკაცია და მომავალი მატჩები
ამ ეტაპზე მაგუაიერს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია უკვე გარანტირებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 13 აპრილს, ლიდს იუნაიტედთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. თუმცა, თუ ასოციაცია მის ბრალეულობას დაამტკიცებს, სასჯელი შესაძლოა კიდევ უფრო გახანგრძლივდეს და წითელ ეშმაკებს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები შეექმნათ.