მოედნის მიღმა იამალი მუდმივად ერთი და იმავე ადამიანების ვიწრო წრეში ტრიალებს.
მის გარემოცვაში შედიან მშობლები (მუნირ ნასრაუი და შილა ებანა), შეყვარებული ინეს გარსია, ბიძაშვილი მოჰამედ აბდი და ბავშვობის საუკეთესო მეგობარი - სოჰაიბი. ტელეგადაცემა TardeAR-ში სტუმრობისას, სწორედ სოჰაიბმა ისაუბრა ლამინის პიროვნებასა და მათ მეგობრობაზე, რომელიც როკაფონდას პარკებიდან იწყება:
როდესაც შესაძლებლობა გვაქვს, სულ ერთად ვართ. ის ჩემთვის ძმასავით არის. 6 წლიდან თამაშობს ფეხბურთს და თავიდანვე ეტყობოდა, რა პოტენციალიც ჰქონდა. ვეუბნებოდი, რომ თუ მოინდომებდა, მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა
სოჰაიბის თქმით, დიდებასა და წარმატებას ლამინის ხასიათი და პიროვნება საერთოდ არ შეუცვლია.
რას ნიშნავს "304" და ვის ეკუთვნის აღნიშვნის იდეა?
გოლის გატანის შემდეგ ბარსელონას 10 ნომერი თითებით 304-ს გამოსახავს. ეს რიცხვი მისი მშობლიური უბნის, როკაფონდას საფოსტო ინდექსის ბოლო სამი ციფრია. როგორც გაირკვა, ამ ჟესტის გამოყენების იდეა სწორედ სოჰაიბს ეკუთვნის:
ეს ახალგაზრდული კოპა დელ რეის მატჩის დროს მოხდა. ჩვენს უბანში ვიყავით და ლამინს საკუთარი თავის დამტკიცება სურდა. სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ 304-ის ჟესტი გაეკეთებინა, რადგან ამ რიცხვს ერთმანეთში ყოველთვის ვიმეორებდით. მას ძალიან მოეწონა ეს იდეა და მას შემდეგ მუდმივად იყენებს