UFC Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, სადაც შონ ო'მალიმ აიმან ზაჰაბი დაანოკაუტა, ამერიკელმა მებრძოლმა ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ საღამოს მეტოქედ არა ზაჰაბი, არამედ ბანტამვეიტის (მსუბუქი წონის) ჩემპიონი პეტრ იანი უნდა ყოფილიყო.
პეტრ იანი, რომელიც ამჟამად ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს, ო'მალის ამ განცხადებას ინსტაგრამის სთორით გამოეხმაურა და ორგანიზაცია ფრთხილი მიდგომის გამო გააკრიტიკა:
UFC-ს შენი ეშინოდა! ისინი უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ თეთრ სახლში გაიმარჯვებდი! არ უნდოდათ, რომ იქ დამარცხებულიყავი. მე ჩემი თანხმობა მივეცი ბრძოლაზე! სწორედ ამიტომ მოგიყვანეს ისეთი მეტოქე, რომელთანაც მაინც შეძლებდი გამკლავებას.
მიუხედავად იმისა, რომ მერაბ დვალიშვილი აცხადებდა, თითქოს რუს მებრძოლებს თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლა აკრძალული ჰქონდათ, დანა უაითი საპირისპიროს ამტკიცებდა და აღნიშნავდა, რომ მისი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენების მონაწილეობა იყო.
შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და იანის დაპირისპირება 2022 წელს შედგა, სადაც ამერიკელმა სადავო მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამჟამად პეტრ იანის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა რემატჩი ამ წონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მოსალოდნელ ბრძოლად რჩება.