ამ კვირაში ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში იასპარეზებს. ესპანეთში კი ერტმანეთს ქართველები დაუპირისპირდებიან. თავიანთ მატჩებს ჩაატარებენ საქართველოს ქალთა, 21-წლამდე და 19-წლამდელთა ნაკრებები.
ილია თოფურია vs ჯასტინ გეიჯი
თბილისის დროით 15 ივნისს, გამთენიისას ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიება ჩატარდება. ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი, UFC Freedom 250 შვიდი ბრძოლისგან შედგება - მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია მსუბუქი წონის ქამარს ამერიკელი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს.
ქართველი მებრძოლი ოქტაგონს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ისტორიულ ღონისძიებაზე უფრო ვრცლად UFC Freedom 250-ის ანონსში მოგიყვებით.

თორნიკე შენგელია გიორგი შერმადინის წინააღმდეგ
სამშაბათს, 9 ივნისს ესპანეთის საკალათბურთო, ABC ლიგის ნახევარფინალური სერიები აიღებს სტარტს. ერთ-ერთ ნახევარფინალში ერთმანეთს გიორგი შერმადინის ტენერიფე და თორნიკე შენგელიას ბარსელონა დაუპირისპირდებიან.
სერიის პირველი შეხვედრა 9 ივნისს 22:00-ზე ბარსელონაში გაიმართება. შენგელიასგან განსხვავებით საეჭვოა შერმადინის თამაში - ქართველ ცენტრს გულის პრობლემები აწუხებს და უკვე ოთხი მატჩია, რაც უთამაშია.

ქალთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა გამართა, სადაც ფარერებთან 2:3 დამარცხდა. ირის ატმანის შეგირდები მეოთხე მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველოს ნაკრები სამი მატჩის შემდეგ 0 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.

19-წლამდელები ისლანდიის წინააღმდეგ
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ფრედ - 1:1 დასრულდა.
ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდულის წევრი, საბა ხარებაშვილი, რომელმაც ივნისის შეკრება ეროვნულ გუნდთან ერთად გაიარა და ბაჰრეინთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 19-წლამდე ნაკრებს 9 ივნისს, ისლანდიასთან გასამართ პრინციპულ მატჩში დაეხმარება.
ისლანდიასთან გასამართი მატჩი სამშაბათს, 9 ივნისს, 19:00-ზე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გაიმართება.
ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

21-წლამდელები მოლდოვის წინააღმდეგ
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში ამერიკის 20-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა. შემდეგ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 ივნისს, ნისპორენში, მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს - მატჩი 9 ივნისს 20:00-ზე გაიმართება.
