UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის ყველაზე დიდი კოშმარი შესაძლოა რეალობად იქცეს. მომავალ კვირას, 14 ივნისს, ვაშინგტონში, თეთრი სახლის გაზონზე დაგეგმილი ისტორიული ივენთი (UFC Freedom 250) სერიოზული საფრთხის წინაშეა.
მიზეზი ამინდის პროგნოზია, რის გამოც დანა უაითს ღია ცის ქვეშ ტურნირების ჩატარება მუდამ ეზიზღებოდა.
კატასტროფული პროგნოზი და რეგულაციები
ორგანიზაციის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კრეიგ ბორსარიმ განაცხადა, რომ მცირე წვიმის შემთხვევაში ტურნირი არ შეწყდება, თუმცა ჭექა-ქუხილი და მეხი შოუს ავტომატურად ჩაშლის. რეგულაციის მიხედვით, თუ ოქტაგონიდან 8 მილის რადიუსში მეხი ჩამოვარდება, ბრძოლები ეგრევე უნდა შეჩერდეს.
უახლესი პროგნოზით, ტურნირის დაწყებისას წვიმის ალბათობა 65 პროცენტია, ხოლო ძლიერი ჭექა-ქუხილის - 39 პროცენტი. ორგანიზატორები განიხილავენ დროის გადმოწევას, თუმცა თუ სეტყვა და ქარი დაიწყო, საგანგებო გეგმაც ვერ უშველით.
მილიონების დაკარგვის საფრთხე
თეთრი სახლის ამ შოუს ორგანიზებისთვის უკვე 60 მილიონი დოლარია დახარჯული. ტურნირის გაუქმება უდიდესი ფინანსური დარტყმა იქნება.
გარდა ამისა, გაურკვეველი ვადით გადაიდება ორი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა: ალექს პერეირას ისტორიული შანსი სერილ განის წინააღმდეგ, სადაც მას სამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა სურს და ილია თოფურიას საჩემპიონო ქამრების გაერთიანება ჯასტინ გეიჯისთან.