UFC-ის ორგზის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ოქტაგონზე მოპოვებული გამარჯვებებიდან ერთ-ერთს განსაკუთრებით გამოარჩევს.
დაღესტნელი ვარსკვლავი UFC-ის ისტორიაში მეთერთმეტე მებრძოლი გახდა, რომელმაც ორი დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა, როდესაც გასულ ნოემბერში მედისონ სკვერ გარდენში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ქამარს დაეუფლა. მანამდე ის მსუბუქ წონას ლიდერობდა, სადაც ტიტული ჩარლზ ოლივეირას ძლევით მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, არცერთ ამ საჩემპიონო მატჩს მახაჩევისთვის ისეთივე ფასი არ აქვს, როგორიც ერთი კონკრეტულ ტიტულის დაცვას.
მახაჩევმა მსუბუქ წონაში ქამარი ოთხჯერ წარმატებით დაიცვა და თავისი ლეგენდარული მენტორის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მაჩვენებელს გადააჭარბა. ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, მან დასტინ პორიე 2024 წლის ივნისში, UFC 302-ზე, მეხუთე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს უმძიმესი დაქანცვის ფასად დაუჯდა, მახაჩევს ამ ომიდან სასიამოვნო მოგონებები დარჩა:
ჩემპიონობის მოპოვება ძალიან ემოციური იყო, თუმცა ბრძოლა, რომელსაც მუდმივად ხელახლა ვუყურებ, პორიესთან შეხვედრაა. ჩვენ ისე ვიჩხუბეთ, თითქოს ქუჩის ჩხუბი ყოფილიყო. ამ ბრძოლით დიდი სიამოვნება მივიღე.
მახაჩევი UFC-ში ახალი მწვერვალების დაპყრობას აგრძელებს. ვრცელდება ხმები, რომ ის აგვისტოში, UFC 330-ზე, ქვესაშუალო წონის ქამრის პირველი დაცვის ფარგლებში იან მაჩადო გარის დაუპირისპირდება. ასევე, მომავალში არ გამოირიცხება სუპერ-ბრძოლა ილია თოფურიასთან, რომელსაც მომავალ კვირას ჯასტინ გეიჯისთან საჩემპიონო ქამრების გაერთიანების შემდეგ, წონის აწევა და მახაჩევის გამოწვევა აქვს განზრახული.