Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
26 ოქტომბერს UFC 308-ზე ილია თოფურია პირველად შეეცდება, რომ თავისი საჩემპიონო ქამარი დაიცვას. მისი მეტოქე ამ ბრძოლაში 32 წლის ამერიკელი მაქს ჰოლოუეი იქნება.
ლეგენდარული ალექს ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იყო მითქმა-მოთქმა თუ სად, როდის და ვის წინააღმდეგ უნდა დაეცვა თოფურიას ტიტული, საბოლოოდ კი ყველაფერი დადასტურდა - აბუ დაბიში, 26 ოქტომბერს, მეტოქე მაქს ჰოლოუეი.
ქართველი მებრძოლის MMA რეკორდი 15-0-0 არის, ამერიკელის კი - 26-7-0.
მაქს ჰოლოუეი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-2 ნომერია, მასზე წინ მხოლოდ ვოლკანოვსკია. ამერიკელი სხვა წონის ტოპ 10 მებრძოლშიც არის, ის მსუბუქ წონაში მე-9 მებრძოლია. ჰოლოუეის P4P რეიტინგშიც უკავია თავისი ადგილი, ის საერთო რეიტინგის მე-11 მებრძოლია, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია კი მე-4 არის. მას მხოლოდ ისლამ მახაჩევი, ალექს პერეირა და ჯონ ჯონსი უსწრებენ.
მაქს ჰოლოუეი UFC-ში 2012 წლიდან ასპარეზობს. ის 2016 წლის დეკემბერში ენტონი პეტისის დამარცხებით ქვემსუბუქი წონის დროებითი ტიტულის მფლობელი გახდა, 2017 წლის ივნისში კი ჟოზე ალდო დაამარცხა და უკვე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდა.
ჰოლოუეიმ საჩემპიონო ქამრის დაცვა 3-ჯერ მოახერხა - მან ზედიზედ ჟოზე ალდო, ბრაიან ორტეგა და ფრენკი ედგარი დაამარცხა, 2019 წლის დეკემბერში კი წონის ახალი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი გახდა, რომელმაც ჰოლოუეის 3-ჯერ აჯობა, 2024 წლის თებერვალში კი ავსტრალიელის დომინაცია სწორედ ილია თოფურიამ დაასრულა.
მაქსმა ბოლო ბრძოლა აპრილში გამართა, სადაც ჯასტინ გეიჯი მე-5 რაუნდის ბოლო წამზე ეპიკურად დაანოკაუტა.
რაც შეეხება ილია თოფურიას, მატადორს 15-დან 8 ბრძოლა სწორედ UFC-ში აქვს ჩატარებული და, რა თქმა უნდა, ყველა მათგანში გამარჯვება დამაჯერებლად მოიპოვა. ქართველის დამარცხებული მებრძოლების სია ასეთია - იუსეფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი, რაიან ჰილი, ჯაი ჰერბერტი, ბრაის მიჩელი, ჯოშ ემეტი და ალექს ვოლკანოვსკი.
თოფურიას ტიტულის დაცვა სანტიაგო ბერნაბეუზე სურდა, თუმცა ეს ამბავი არ გამოვიდა, თუმცა ლეგენდარულ სტადიონზე UFC-ის ღონისძიების ჩატარება ჯერ არ გამორიცხულა და მომავალში შესაძლოა ილიას ეს ოცნებაც აუხდეს.
მანამდე კი 26 ოქტომბერს ქართველმა ჩემპიონმა ტიტული აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ უნდა დაიცვას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები