ერთა ლიგის A დივიზიონის მე-5 ტურში ესპანეთმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ამჯერად მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჩეხეთთან სტუმრად ითამაშა და დამაჯერებლად 2:0 მოიგო.
ესპანელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს - პირველი ტაიმის მიწურულს ბაენამ პენალტით შეძლო ფურია როხას დაწინაურება, მატჩში წერტილი კი 90+6 წუთზე პუბილმა დასვა და ესპანეთს ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოუტანა.
ამ გამარჯვებით ესპანეთმა 15 ქულა დააგროვა და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეზე ინგლისია 12 ქულით და ჯგუფის გამარჯვებულს გუნდები ბოლო ტურში ერთმანეთთან მატჩით გაარკვევენ, რომელიც ესპანეთში გაიმართება.
თანაბარ ქულებზე გადამწყვეტი უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს ენიჭება, სადაც პირველი მატჩის შემდეგ ესპანეთს აქვს უპირატესობა, რომელმაც შეხვედრა გასვლაზე 3:2 მოიგო და ინგლისს ჯგუფის მოსაგებად სტუმრად მოსაგები ექნება, რაც ბურთების უკეთესი სხვაობის დამსახურებით, გუნდს სუფთა პირველ ადგილზე გაიყვანს.
თავის მხრივ, ინგლისმა საკუთარ კედლებში ხორვატიას მინიმალური ანგარიშით 2:1 მოუგო.
ტუხელის გუნდის რიგებში თავის გამოჩენა მორგან როჯერსმა (ბელინგემის პასით) და ჰარი კეინმა (პენალტით) შეძლეს, ხორვატებმა კი მხოლოდ სუჩიჩის გოლით უპასუხეს.
შედეგად, ბოლო ტურში ესპანეთი და ინგლისი პირველადგილოსანს გაარკვევენ, ხორვატია და ჩეხეთი კი - მესამე და მეოთხე პოზიციას გაითამაშებენ.