1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირმა, სერ ჯეფ ჰერსტმა, ჰარი კეინი ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდად დაასახელა.
ეს განცხადება ლეგენდარულმა თავდამსხმელმა არგენტინასთან ნახევარფინალური მატჩის წინ გააკეთა.
„მისი გოლების რაოდენობის გაუმჯობესება ძალიან რთული იქნება, ამიტომ თამამად ვიტყვი, რომ ის ინგლისის ისტორიაში საუკეთესოა. მისი სტატისტიკა - ჩატარებული მატჩები და გატანილი გოლები, თანაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში, უბრალოდ საოცარია“, - განაცხადა ჰერსტმა ინგლისის ნაკრების ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
ჰერსტმა კეინის ლიდერული თვისებები 1966 წლის ჩემპიონი გუნდის კაპიტანს, ბობი მურს შეადარა:
მისი ლიდერობა აშკარაა. ის მატჩების შემდეგ ყოველთვის ესაუბრება თანაგუნდელებს. კეინი შესანიშნავი მაგალითია როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ
ვეტერანმა ფეხბურთელმა მხარდაჭერა თომას ტუხელსაც გამოუცხადა. მან იუმორით შეაფასა მეოთხედფინალის შემდეგ ჯუდ ბელინგემისა და ტუხელის ხუმრობითი კამათიც:
ძალიან ვიცინე, როცა ტუხელმა თქვა, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვართ, ბელინგემმა კი უპასუხა - 'არა უშავსო'. მიყვარს ეს თავდაჯერებული დამოკიდებულება
ეს ნახევარფინალი კიდევ ერთი ისტორიული თავია ინგლისისა და არგენტინის პრინციპულ დაპირისპირებაში. სწორედ ჯეფ ჰერსტმა გაიტანა გამარჯვების გოლი არგენტინასთან 1966 წლის სკანდალურ მატჩში, რომელიც ანტონიო რატინის გაძევებით დაამახსოვრდა ყველას. ჰერსტმა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მეტოქის ხსოვნასაც მიაგო პატივი და აღნიშნა, რომ რატინი თავისი ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო.