ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება სერიოზულად შეირყა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტინო ლივრამენტო ტრავმის გამო, სავარაუდოდ, ტურნირს გამოტოვებს.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა Telegraph Sport-ის ცნობით, ლივრამენტოს კუნთის დაზიანება აქვს, რის გამოც ის დაახლოებით 6 კვირით იუქმებს. მის შემცვლელად, სავარაუდოდ, ჩელსის მცველი ტრევო ჩალობა იქნება გამოძახებული.
26 წლის ჩალობა ნაკრებს ინგლისის პირველი მატჩის შემდეგ შეუერთდება. ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატს ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყებს, რომელიც 18 ივნისს, 00:00 საათზე გაიმართება.
ლივრამენტოს ტრავმა ნიშნავს, რომ თომას ტუხელის გადაწყვეტილება, 26-კაციან განაცხადში მარჯვენა მცველისთვის ადგილის დათმობის შესახებ, არ გამართლდა.
ტუხელმა ლივრამენტო ნაკრებში მაინც გამოიძახა, მიუხედავად იმისა, რომ ნიუკასლის ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს ბარძაყის ტრავმის გამო თითქმის 2 თვე გამოტოვა. მანამდე კი, მყესის დაზიანების გამო, დაახლოებით ამდენივე ხანი იუქმა.
ლივრამენტო ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ამჯობინეს და ტუხელს დაცვის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე დამატებით ვარიანტს სთავაზობდა.
ხორვატიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ჯეიმსი და ო'რაილი ითამაშებენ. ჯერ უცნობია, რამდენად სწრაფად შეძლებს ლივრამენტოს შემცვლელი ნაკრებს შეუერთდეს. თუ ეს ჩალობა იქნება, მას ცენტრალურ მცველად და მარჯვენა მცველად თამაშიც შეეძლება.
ყველაფერი, რაც L ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026