ინგლისის ნაკრები უსაფრთხოების სერიოზული დარღვევის მსხვერპლი გახდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სავარჯიშო სესიამდე, კანზას-სიტიში, ფეხბურთელების ეკიპირება მოიპარეს.
როგორც ცნობილია, ქურდობა იმ დროს მოხდა, როდესაც ინვენტარი ნაკრების წინასატურნირო ბაზიდან, ფლორიდიდან, მისურის შტატში მდებარე Swope Soccer Village-ის საწვრთნელ ბანაკში გადაჰქონდათ. მოპარულ ნივთებს შორის იყო ინგლისის ვარსკვლავი ფეხბურთელების ბუცები, ასევე ოფიციალური ტურნირის ბურთები და სავარჯიშო აღჭურვილობა.
კანზას-სიტის პოლიციის დეპარტამენტი ინციდენტს იძიებს და დაადასტურა, რომ 2 ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ტომას ტუხელის გუნდი შაბათს შუადღეს საკუთარ ბაზაზე პირველად ივარჯიშებს. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ადგილობრივ პოლიციასთან თანამშრომლობა მოუწევს, რათა მოპარული აღჭურვილობის დაბრუნება შეძლოს.
ინგლისი L ჯგუფის პირველ მატჩში ოთხშაბათს დალასში ხორვატიას დაუპირისპირდება. ფეხბურთის ასოციაციას ტუხელის ხელმძღვანელობით, რომელიც მამაკაცთა ნაკრებს 1966 წლის შემდეგ პირველ ტიტულამდე მიყვანას ცდილობს, დეტალურად გაწერილი გეგმები აქვს, თუმცა აღნიშნულმა ინციდენტმა პერსონალს დამატებითი პრობლემები შეუქმნა.
ფლორიდის ქალაქ უესტ პალმ-ბიჩში გამართულ აკლიმატიზაციის ბანაკში ინგლისის ნაკრებში პოზიტიური განწყობა სუფევდა. გუნდმა ამხანაგურ შეხვედრებში ტამპაში ახალი ზელანდია და ორლანდოში კოსტა-რიკა დაამარცხა.
განსაკუთრებით იმედისმომცემი იყო კოსტა-რიკასთან ნაჩვენები თამაში, სადაც ჯუდ ბელინგემმა გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და ხორვატიასთან მატჩში „ათიანის“ პოზიციაზე მორგან როჯერსის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა.