ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა, რომ ბუკაიო საკა კვლავ აქილევსის მყესის ტრავმით გამოწვეულ ტკივილებს უმკლავდება და ტურნირის მსვლელობისას მისი დატვირთვის გადანაწილება ფრთხილად მოხდება.
არსენალის ვინგერი ნაკრებს ვესტ პალმ ბიჩში მას შემდეგ შეუერთდა, რაც ჩემპიონატთა ლიგის ფინალის შემდგომ დამატებითი ერთკვირიანი დასვენება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დეკლან რაისი, ებერეჩი ეზე და ნონი მადუეკე 100%-ით მზად არიან, საკას მდგომარეობა ნაკლებად ოპტიმისტურია.
ტუხელმა განაცხადა:
ბუკაიო ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია. ის სეზონის ბოლოს ძლიერ დისკომფორტს უძლებდა მოედანზე. ამჟამად მას არ შეუძლია კვირის განმავლობაში ყველა ვარჯიში სრულფასოვნად გაიაროს და მერე ითამაშოს. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მუნდიალზე ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს და საფინალო სასტვენამდე მოედანზე დარჩეს.
მწვრთნელმა დაამატა, რომ მარჯვენა ფლანგზე საკას ალტერნატივად მარკუს რაშფორდი, მორგან როჯერსი და ნონი მადუეკე განიხილებიან.
ტუხელმა მედიას მოუწოდა, შეწყვიტონ აკვიატებული საუბრები იმაზე, ითამაშებს თუ არა ჯუდ ბელინგემი სასტარტო შემადგენლობაში:
ჩვენ ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ჯუდის გარეშეც შეგვიძლია თამაშების მოგება. ბელინგემი საოცარ ფორმაშია, მაგრამ ის მარტო მუნდიალს ვერ მოიგებს. ჩვენ ვართ გუნდი, სადაც გვყავს კეინი, რაისი, ბელინგემი, როჯერსი და საკა. ზოგიერთ დიდ მოთამაშეს სკამზე ჯდომა მოუწევს და მათ ეს უნდა გააცნობიერონ.
ტუხელი ბელინგემზე: "სასტარტოში არ აქვს ადგილი გარანტირებული"
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ოთხშაბათს, ორლანდოში, კოსტა-რიკის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მუნდიალის პირველ მატჩს მომავალ ოთხშაბათს, დალასში, ხორვატიის ნაკრებთან ჩაატარებს.