• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირების ისტორია
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირების ისტორია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო თასის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა დაუპირისპირდებიან. დღევანდელ ბლოგში ამ ეპოქალური პაექრობის ისტორიას შემოგთავაზებთ.


ინგლისისა და არგენტინის საფეხბურთო დაპირისპირების ისტორია სათავეს 1951 წლის 9 მაისს იღებს - ამხანაგური შეხვედრა ლონდონში, უემბლის სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მას შემდეგ ბრიტანელებსა და  სამხრეთამერიკელებს შორის კიდევ ექვსი ამხანაგური მატჩი გაიმართა.


1953 წელს ბუენოს აირესში გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, ასევე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა 1974 წელს უემბლიზე გამართულ მატჩში - 2:2. სამი წლის შემდეგ კიდევ ერთი ფრე ბუენოს აირესში, ამჯერად 1:1. 


1980 წელს გუნდები კვლავ უემბლიზე შეხვდნენ ერთმანეთს - ამჯერად სამმა ლომმა დევიდ ჯონსონისა და კევინ კიგანის გოლებით იმარჯვა. კვლავ უემბლი, ამჯერად 20 წლის შემდეგ და ისევ ფრე 0:0. ინგლისისა და არგენტინის ბოლო არაოფიციალური შეხვედრა 2005 წლის ჟენევაში შედგა - სვენ-გორან ერიქსონი შეგირდებმა პეკარმანის ბიჭებს 3:2 სძლიეს.


ფილ ტომფსონი და დიეგო მარადონა. ინგლისი 3:1 არგენტინა. 1980.


სანამ გუნდების სამუნდაილე ისტორიაზე გადავალთ, რომელიც ხუთ მატჩს მოიცავს, ალბისელესტესა და სამი ლომის კიდევ ორი მატჩი უნდა გავიხსენოთ. 1964 წელს გუნდები ერთმანეთს ერთა თასის ეგიდით გამართულ მატჩში დაუპირისპირდნენ - ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ოთხთა ტურნირის მატჩში არგენტინამ ინგლისი 1:0 დაამარცხა. კიდევ ერთი დაპირისპირება 1991 წელს, ინგლისის ჩელენჯ ქაფზე შედგა, როგორც ამ გუნდების დაპირისპირებებში ხშირად ხდება, უემბლიზე გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.


მსოფლიო თასზე ინგლისურ-არგენტინული დაპირისპირებების ისტორია 1962 წელს, ჩილეში გამართულ მუნდიალზე იწყება, სადაც სამი ლომი და ალბისელესტე მეოთხე ჯგუფში, უნგრეთთან და ბულგარეთთან ერთად მოხვდნენ. ელ ტენიენტეს სტადიონზე გამართულ მეორე ტურის შეხვედრაში ინგლისელებმა არგენტინელებს 3:1 სძლიეს.


რონ ფლაუერსის, ბობი ჩარლტონისა და ჯიმი გრივსის გოლებით უალტერ უინთერბოტომის შეგირდები 3:0 ანადგურებდნენ სამხრეთამერიკელებს - ხოსე სანფილიპომ მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლის გატანაღა შეძლო. ინგლისი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა, ხუან კარლოს ლორენცოს გუნდი კი ტურნირს დაემშვიდობა. დიდხანს ტურნირს არც ინგლისი შემორჩა - ბრიტანელები მეოთხედფინალში ბრაზილიასთან დამარცხდნენ.


ბობი მური, მაურის ნორმანი, რონ ფლაუერსი და ჯონი ჰაინესი. ინგლისი 3:1 არგენტინა. 1962.

სკანდალური გამოდგა ბრიტანელებისა და სამხრეთამერიკელების შემდეგი მუნდიალური დაპირისპირება - 1966 წლის ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალურ სტადიაზე დაუპირისპირდნენ. უემბლიზე გამართული შეხვედრის პირველ ნახევარში მატჩის გერმანელმა არბიტრმა მოედნიდან არგენტინელთა კაპიტანი, ანტონიო რატინი მისი შეურაცხყოფის ბრალდებით გააძევა. ათიანს მოედნის დატოვება პოლიციის თანხლებით მოუწია, უემბლის გვირაბში ჩასვლამდე ანტონიომ უშვერი სიტყვები არც დამსწრე საზოგადოების მიმართ დაიშურა და არც დედოფლის.


35-ე წუთიდან ათი კაცით დარჩენილმა ალბისელესტემ გოლი 78-ე წუთზე გაუშვა - ანტონიო რომას კარი მომავალი ფინალის გმირმა, ჯეფ ჰერსტმა აიღო. მასპინძლებმა ნახევარფინალში პორტუგალიას სძლიეს, ხოლო ფინალში არგენტინასთან მატჩის გმირის ჰეთ-თრიქით დასავლეთ გერმანიას.


ჯერ ჰერსტი და ალან ბოლი აღნიშნავენ გოლს. ინგლისი 1:0 არგენტინა. 1966.


ინგლისისა და არგენტინის ეპოქალური დაპირისპირება 1986 წლის მსოფლიო თასზე შედგა - ფოლკლენდის ომის გაგრძელებად შერაცხული მატჩი მექსიკის მუნდიალის მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიმართა. თითქოს მუნდიალის მეოთხედფინალს მეტი რა დრამა უნდოდა, მაგრამ სიტუაციას ოთხი წლის წინანდელი არგენტინა ინგლისის შეიარაღებული კონფლიქტი ამწვავებდა. 


არგენტინის სანაპიროდან 483 კილომეტრში მდებარე ინგლისის კონტროლირებად ფოლკლენდის კუნძულებზე, არგენტინელთათვის მალვინებზე, არგენტინა პრეტენზიას 1833 წლიდან აცხადებს. არგენტინამ მალვინებზე იერიში 1982 წლის აპრილში მიიტანა და მცირე სამხედრო წარმატებების მიუხედავად, დაახლოებით ორ თვეში დანებდა. არგენტინელებმა სამოცდაათდღიან მონაკვეთში 649 სამხედრო დაკარგეს, ხოლო ათი ათასზე მეტი ბრიტანელთა ტყვეობაში აღმოჩნდა - სწორედ ამ მოტივებით იყო გაჯერებული დიეგო მარადონას წინასამატჩო სიტყვა. კაპიტანმა თანაგუნდელებს მათი თანამემამულეების ხსოვნის დაცვისკენ მოუწოდა და თანაგუნდელები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე საბრძოლველად განაწყო.


დიეგოს პატრიოტული მოტივებისგან განსხვავებით, სხვა პრობლემა ჰქონდა გუნდის მთავარ მწვრთნელს, კარლოს ბილარდოს - ელ ნარიგონი არგენტინელთა სათადარიგო მაისურის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავდა. ბილარდო მიიჩნევდა, რომ ინგლისის წინააღმდეგ სათამაშო, ლე კოკ სპორტიფის მაისურები დასველებისას საკმაოდ მძიმდებოდა, რაც მოთამაშეების გადაადგილებას აფერხებდა.


ბილარდომ შტაბის ერთ-ერთ წევრს, რუბენ მოსკელას მსგავსი, უკეთესი მაისურების მოძებნა დაავალა - მოსკელა მეხიკოს ორმოცამდე სპორტული მაღაზიის შემოვლის შემდეგ ბაზაზე ორი ვარიანტით დაბრუნდა. არგენტინელებმა მსგავს ლურჯ მაისურებს, რომლებიც რეალურად ამერიკული ფეხბურთისთვის იყო შექმნილი, არგენტინის გერბები გადააკერეს და მოედანზე ბრჭყვიალა ნომრებიანი პრინტებით გავიდნენ.


არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები ეროვნული ჰიმნების დროს. 1986.


მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თემების წინ წამოწევას არც ინგლისური პრესა ერიდებოდა, ინგლისელთა ბანაკში მატჩს უფრო რაციონალურად უყურებდნენ. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ რაციონალურობას ვერ ინარჩუნებდნენ ბრიტანელი გულშემატკივრები - ინგლისელებსა და არგენტინელებს შორის მატჩამდე მეხიკოს ქუჩებში არაერთი შეტაკება მოხდა. შეტაკებები სტადიონზეც გაგრძელდა, სადაც ინგლისელებს არც არგენტინელები ჩამორჩნენ - ბარა ბრავასის დაჯგუფების წევრებმა ინგლისელებს დროშები წაართვეს და რამდენიმე გულშემატკივარი საავადმყოფოშიც კი გაგზავნეს - მოგვიანებით ინგლისელთა დროშები ბოკა ხუნიორსის მატჩებზე გამოჩნდა.


ლეგენდარულ ესტადიო აცტეკაზე მატჩი შუადღის 12 საათზე დაიწყო - მეხიკოს სიცხეში უპირატესობა სამხრეთამერიკელებმა მოიპოვეს, ძირითადად თამაშს მარადონა ამწვავებდა, თუმცა პიტერ შილტონის წყალობით მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.


სანახაობა მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან ხუთ წუთში დაიწყო, როცა სტივ ჰოჯის ჰაერში გაშვებულ ბურთზე პირველი თითქოს პიტერ შილტონი უნდა ყოფილიყო, თუმცა არგენტინელთა ათიანი სხვანაირად ფიქრობდა. დიეგომ ინგლისელთა მეკარეს ბურთი თავს ზემოთ ხელით გადაუგდო - ხელით თამაში ყველამ დაინახა გარდა მთავარი არბიტრისა. გაოგნებულ ინგლისელთა პროტესტის მიუხედავად ალი ბენასერმა გოლი ჩათვალა. 


"ღმერთის ხელი" . 1986.


“ღმერთის ხელიდან” ოთხ წუთში მარადონამ ინგლისელთა აგონიით კიდევ ერთხელ ისარგებლა - ამჯერად დიეგომ ბურთი ცენტრიდან წაიღო, ოთხი თეთრმაისურიანის ჩამოშორების შემდეგ პიტერ შილტონიც ჩამოიტოვა და ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა. 2:0. 


მარადონას "საუკუნის გოლი". 1986.


მატჩის ბოლომდე ინგლისელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს - თავი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა, გარი ლინეკერმა გამოიჩინა. როგორც ჩანს, კაპიტნის სიტყვამ ყველაზე მეტად კვლავ მასზე იმოქმედა - დიეგომ არგენტინისთვის ყველაფერი გააკეთა და გუნდს ნახევარფინალში გაუძღვა. არგენტინამ ნახევარფინალში ბელგიას სძლია, ხოლო ფინალში დასავლეთ გერმანიას.


სამი ლომისა და ალბისელესეტეს შემდეგი გადაკვეთა 1998 წლის 30 ივნისით თარიღდება - 12 წლის წინანდელი მატჩის მონაწილეები, გლენ ჰუდლი და დანიელ პასარელა ერთმანეთს უკვე მთავარი მწვრთნელების რანგში დაუპირისპირდნენ. სენტ-ეტიენში გამართული მერვედფინალში მაყურებელმა გიჟური პირველი ტაიმი იხილა.


დიეგო სიმეონეს აკიდებულ თერთმეტმეტრიანს გაბრიელ ბატისტუტას გოლი მოჰყვა, სამ წუთში პენალტი მაიკლ ოუენმაც გამოიმუშავა, ლივერპულის ფორვარდს გარჯა ალან შირერმა დაუფასა. გამათანაბრებელი გოლიდან ექვს წუთში კი თავად ოუენმა გაიბრწყინა - 19 წლის ინგლისელმა დეივიდ ბექემის გადაცემის შემდეგ მუნდიალბის ერთ-ერთი მშვენება შექმნა. ტაიმის ბოლოს არგენტინელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან მიიღეს - როდესაც ყველა ბატისტუტას დარტყმას ელოდა, ცხრიანი ბურთს გადაახტა, ვერონმა პასი საჯარიმოში მყოფ ხავიერ ძანეტის მისცა, რომელმაც დამუშავებული კომბინაცია ბრწყინვალედ დაასრულა. 


კოშმარულად დაიწყო ინგლისელთათვის მატჩის მეორე ნახევარი. დიეგო სიმეონეს პროვოკაციას დეივიდ ბექემი წამოეგო - შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ინგლისელი მოედნიდან 47-ე წუთზე გააძევა. კაცნაკლულმა ინგლისმა პენალტების სერიამდე გაძლო, სადაც პოლ ინსისა და დევიდ ბატის გაფუჭებული თერთმეტმეტრიანების “წყალობით” დამარცხდა. არგენტინა ტურნირს შემდეგივე ეტაპზე, ნიდერლანდებთან გამოეთიშა.


მილტონ ნილსენი აჩვენებს დეივიდ ბექჰემს წითელი ბარათს. 1998.


ინგლისმა არგენტინაზე შური შემდეგ მსოფლიო თასზე იძია - სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გამართულ მუნდიალზე ნაცნობი მეტოქეები F ჯგუფში ნიგერიასთან და შვედეთთან ერთად მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარსელო ბიელსას სუპერ გუნდი ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, არგენტინელებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ შეძლეს. ამაში კი მთავარი როლი სწორედ ინგლისმა ითამაშა - მეორე ტურში, ჰოკაიდოში გამართულ შეხვედრაში ინგლისმა 1:0 იმარჯვა. სიმბოლურია, რომ მატჩის ერთადერთი გოლი დეივიდ ბექემმა გაიტანა - ინგლისელთა კაპიტანმა მაიკლ ოუენის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ბრიტანელებმა მერვედფინალში დანიას სძლიეს, ხოლო მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხდნენ.


დეივიდ ბექჰემი და ტრევორ სინკლერი აღნიშნავენ არგენტინის კარში გატანილ გოლს. 2002.


24 წლის შემდეგ მსოფლიო თასის ეპოქალური დაპირისპირება ბრუნდება - ამჯერად ნახევარფინალში. ინგლისი და არგენტინა 2026 წლის მუნდიალის მეორე ფინალისტის ვინაობას ატლანტაში, მერსედეს-ბენც სთედიუმზე გაარკვევენ. მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00-ზე აიღებს სტარტს.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბექჰემი
მსოფლიო ჩემპიონატი
მარადონა
ინგლისის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მბაპესა და ოლისეს კრახი: საფრანგეთის ნაკრების შეფასებები ესპანეთთან

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპესა და ოლისეს კრახი: საფრანგეთის ნაკრების შეფასებები ესპანეთთან
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრისა და კუბარსის საოცარი მატჩი: ესპანეთის ნაკრების შეფასებები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრისა და კუბარსის საოცარი მატჩი: ესპანეთის ნაკრების შეფასებები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რა პროცენტს ატარებს მესი მოედანზე სიარულში?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რა პროცენტს ატარებს მესი მოედანზე სიარულში?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

5 სთ წინ

მბაპესა და ოლისეს კრახი: საფრანგეთის ნაკრების შეფასებები ესპანეთთან

News image

5 სთ წინ

როდრისა და კუბარსის საოცარი მატჩი: ესპანეთის ნაკრების შეფასებები

News image

5 სთ წინ

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?

News image

5 სთ წინ

რა პროცენტს ატარებს მესი მოედანზე სიარულში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება