-
Aa
+
ფონტის ზომა
2023 წლის ივნისის სამხრეთულ ცივ საღამოს, ლიონელ მესი ყატარული ტრიუმფიდან რამდენიმე თვეში, ბუენოს-აირესის „ლა ბომბონერის“ მოედანზე გავიდა და როდესაც 57 000-მა არგენტინელმა გულშემატკივარმა დედაქალაქის საკულტო სარბიელის ტრიბუნები შეძრა, თავიანთი ეროვნული გმირის მიმართ სკანდირება დაიწყეს: „მესი, მესი, უნდა მაპატიო!...“
საქმე ისაა, რომ არგენტინული ფეხბურთის ამ ტაძარში მრევლი კიდევ ერთი მითიური ათიანის საპატივცემულოდ შეიკრიბა და ეს არც მესი იყო, არც მარადონა — ფანატთა თაყვანისცემა მიმართული იყო „ბოკა ხუნიორსის“ ჭეშმარიტი სიმბოლოსა და ფეხბურთის რომანტიზმის ცოცხალი განსახიერებისკენ, ვისაც ხუან რომან რიკელმე ჰქვია. ფეხბურთიდან წასვლის რვა წლის თავზე, ხუან რომან რიკელმემ საბოლოოდ მიიღო დამსახურებული გამოსამშვიდობებელი მატჩი, რომელშიც არგენტინული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდები მონაწილეობდნენ.
არტისტი, ილუზიონისტი, ჰიპნოტიზიორი — რიკელმემ მოედანი სამხატვრო ტილოდ აქცია, ხოლო ბურთი - მოხდენილი თვითგამოხატვის ინსტრუმენტად. იგი მცველებს დაბნეულებს ტოვებდა, გულშემატკივრებს, მოწინააღმდეგეებსა და თანაგუნდელებს კი ერთნაირად აჯადოებდა იმ მოძრაობებით, რომელთა ჩარჩოებში მოქცევაც შეუძლებელი იყო.
რიკელმემ საყვარელ „ბოკასთან“ ერთად დაიპყრო ქომაგთა გულები და შექმნა ლეგენდა, რომლის გადმოცემაც გოლებით, საგოლე გადაცემებითა თუ ტიტულებით შეუძლებელია. იმის გასაგებად, თუ როგორ იქცა ბუენოს-აირესის ჩრდილოეთ გარეუბნიდან წამოსული ჩაფიქრებული სახის ბიჭი ხელშეუხებელ რომანტიკულ კერპად, უნდა დავუბრუნდეთ იმ დროს, რომელმაც არგენტინული ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა.
1978 წლის 25 ივნისს, ბუენოს-აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ მარიო კემპესმა და მისმა თანაგუნდელებმა დამატებით დროში დაამარცხეს ძლევამოსილი ნიდერლანდების ნაკრები და პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს. „ტოტალური ფეხბურთის“ ოსტატებთან ამ შთამბეჭდავი გამარჯვების წინა დღეს კი, სტადიონიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, სამყაროს ხუან რომან რიკელმე მოევლინა.
არგენტინის დედაქალაქის მუშათა კლასის რაიონ დონ ტორკუატოში, სიღარიბეში დაბადებული რიკელმე 11 ძმიდან უფროსი იყო. პათოლოგიურად მორცხვმა და ძალზე ჩაკეტილმა ბიჭმა მეტსახელი "El Mudo" (მუნჯი) დაიმსახურა, მაგრამ ბურთის თავისეულმა მართვამ ის თანატოლებზე მაღლა დააყენა და მალევე „არხენტინოს ხუნიორსის“ ცნობილმა აკადემიამ თავისთან მიიყვანა.
თინეიჯერობის შუა წლებისთვის ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი ქვეყნის ორ გიგანტს შორის დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცა. „რივერ პლეიტს“ რიკელმე საკუთარ ახალგაზრდულ რიგებში სურდა, მაგრამ, როგორც „ბოკას“ გულშემატკივარი, ის ადვილად მიიზიდა კლუბმა, რომელმაც ის შემდგომში ლეგენდად აქცია.
1996 წლის ნოემბერში, „ბოკას“ მწვრთნელმა კარლოს ბილარდომ 18 წლის რიკელმე „უნიონ დე სანტა ფეს“ წინააღმდეგ მატჩში დებიუტისთვის იხმო და უთხრა: „ჩვენ ორი გამთამაშებელი გვეყოლება - შენ და დიეგო ლატორე. შენ მეორე მხარეს გადადი და იქ დარჩი, ყველა ლატორეს გააკონტროლებს, შენ კი იქ მარტო იქნები და ბიჭებს პასები მოსთხოვე.“
ბილარდოს ჩანაფიქრმა ბრწყინვალედ იმუშავა და გამარჯვებაში (2:0) საგოლე გადაცემითა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოპოვებით, რიკელმემ „ლა ბომბონერაზე“ ბრწყინვალე პირველი შთაბეჭდილება დატოვა.
ამ დროს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრწყინვალე კარიერა იწურებოდა, დიეგო მარადონა „ბოკა ხუნიორსში“ მაინც მთავარი ფიგურა იყო, თანაც ეს პერიოდი „ბოკას“ დიდებულ ეპოქად არც ფასდებოდა.
1997 წლის აგვისტოში, მშობლიური „არხენტინოს ხუნიორსის“ წინააღმდეგ ორი გენიოსი მოედანზე მცირე ხნით გაერთიანდა: 36 წლის მარადონა თავის საკულტო 10-ნომრიან მაისურს ატარებდა, ხოლო რიკელმე 9 ნომრით იწონებდა თავს. მარადონამ მოგებულ შეხვედრაში (4:2) გოლი გაიტანა, მაგრამ ის და რიკელმე დოპინგ-ტესტზე გამოიძახეს და „ფეხბურთის ღმერთის“ სინჯიც დადებითი აღმოჩნდა…
„მე მასში საკუთარ თავს ვხედავ“, — ეს სიტყვები დიდ დიეგოს ეკუთვნის, თუმცა მათი კავშირი შემდგომში მწარე დაპირისპირებათა სერიაში დაინგრა.
როდესაც მარადონა 2008 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, რიკელმემ მოულოდნელად დატოვა ნაკრები და განაცხადა, რომ მათ საერთო მორალური კოდექსი არ ჰქონდათ. დეკადის შემდეგ, კერპებმა „ბოკა ხუნიორსის“ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთის მოწინააღმდეგე კანდიდატებს დაუჭირეს მხარი: როდესაც რიკელმე ხორხე ამორ ამეალის შტაბს შეუერთდა კლუბის ძველი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მარადონამ მას ღალატში დასდო ბრალი.
„შენ არ შეგიძლია მოუსმინო შეთავაზებებს და ყველაზე ძვირის გადამხდელს მიჰყიდე შენი თავი, დოლარები რწმენასა და ღირებულებს ვერასოდეს გადაწონის“, — წერდა დიეგო სოციალურ ქსელში.
მარადონას კანდიდატმა წააგო, რიკელმე კი ვიცე-პრეზიდენტი გახდა, მაგრამ დაპირისპირება გაგრძელდა.
2020 წლის მარტში, მარადონა „ლა ბომბონერაზე“ „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. სეზონის ბოლო ტურში „ბოკა“ ჩემპიონობისთვის იბრძოდა და მარადონამ თავი ვერ შეიკავა, რიკელმისთვის ბოლო კბენა რომ არ მიეყენებინა.
„მე ბოკას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არასოდეს წავსულვარ ნაკრებიდან, არასოდეს გამომიტოვებია ბოკას თამაში, არასოდეს გამომიტოვებია ბოკას ვარჯიში“, — უთხრა მარადონამ პრესას და ყველას „ალბისელესტედან“ რიკელმეს სკანდალური წასვლა გაახსენა.
ლეგენდარული 10 ნომრის კლუბიდან წასვლის შემდეგ, მარადონას აჩრდილი რიკელმეს დასცქეროდა, მაგრამ კარლოს ბიანკიმ იზრუნა იმაზე, რომ ახალ ვარსკვლავს თავის გამოვლენის საშუალება ჰქონოდა. 1998 წელს „ბოკას“ მთავარ მწვრთნელად მოსვლისთანავე ბიანკი მიხვდა, რომ გუნდი რიკელმეს გარშემო უნდა აეშენებინა და მათ შორის ისეთი ნდობა ჩამოყალიბდა, რომელიც კლუბის ოქროს ხანის საფუძველი გახდა.
კარლოს ბიანკის ხელმძღვანელობით „ბოკა“ შეუჩერებელი იყო. გუნდი შიდა ასპარეზზე დომინირებდა, მოიგო აპერტურაცა და კლაუსურაც და თვალი კონტინენტისკენ გადაიტანა.
2000 წლის ლიბერტადორესის თასის მოგებისკენ მიმავალ გზაზე რიკელმემ ისეთი მაგია გამოავლინა, რომელიც მის კარიერას განსაზღვრავდა, განსაკუთებით - „ლა ბომბონერაზე“ უპრინციპულეს მეტოქე „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ მეოთხედფინალის დაძაბულ საპასუხო მატჩში.
„ბოკამ“ ფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, ლუის ფელიპე სკოლარის „პალმეირასი“ პენალტებში დაამარცხა, მაგრამ ნამდვილი შედევრი მოგვიანებით შეიქმნა, როდესაც ბუენოს-აირესელები ტოკიოში, საკონტინენტთაშორისო თასზე სახელოვან მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდნენ.
თამაშის წინ „ბოკა“ კატასტროფის წინაშე დადგა იმის შიშით, რომ რიკელმე მუხლის ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა, მაგრამ იაპონიაში გამართული 90 წუთის განმავლობაში რიკელმემ მასტერკლასი აჩვენა.
საწყის ექვს წუთში „ბოკა“ მარტინ პალერმოს დუბლით ამარცხებდა ფეხბურთის ვარსკვლავებით სავსე გუნდს. საგოლე პასის ავტორ რიკელმეს, თავის პოზიციაზე გამორჩეულმა მოთამაშემ, კლოდ მაკელელემ ვერაფერი მოუხერხა და ვისენტე დელ ბოსკეს კრებულიც 1:2 დამარცხდა.
„ბოკა ხუნიორსის“ რიგებში რიკელმეს ოსტატობა კარგად ვლინდებოდა მას და თავდამსხმელ პალერმოს ურთიერთგაგებაში, თუმცა საბოლოოდ ეს ურთიერთობაც გაფუჭდა…
რიკელმემ და ბიანკის გუნდმა ლიბერტადორესის მომდევნო გათამაშებაც მოიგეს (ფინალში მექსიკური „კრუს ასულის“ პენალტებში ძლევით), 2002 წელს კი „ელ მუდო“ ევროპაში გადაბარგდა და „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააფორმა.
თავდაპირველად იგი ოცნებობდა, რომ კარიერა ერთი კლუბის ფეხბურთელად დაესრულებინა, მაგრამ სამშობლოს დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი 17 წლის ძმა გაიტაცეს, ამიტომაც განსაცდელგამოვლილმა, ოჯახის დასაცავად ევროპაში წასვლა არჩია.
ხშირად კონფლიქტური და დამოუკიდებელი ხუან რომან რიკელმე სრულიად შეუფერებელი გამოდგა ურყევი ჰოლანდიელის, ლუი ვან გაალის მკაცრი სათამაშო სტილისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ვან გაალმა „ბარსაში“ მისვლისთანავე განუცხადა არგენტინელს, რომ მისი შეძენა მას არ მოუთხოვია. ვან გაალს მაღალი პრესინგი, პოზიციური სიმკაცრე და კოლექტიური ენერგია სურდა, ანუ ის მოთხოვნები, რომლებსაც თავისუფლად მოძრავი რიკელმე უბრალოდ არ დააკმაყოფილებდა.
„ვან გაალმა მითხრა, რომ როცა ბურთი ჩვენ გვქონდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვიყავით, ხოლო როცა არ გვქონდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ერთით ნაკლები მოთამაშე გვყავდა“, — იხსენებდა მოგვიანებით რიკელმე.
სხვათა შორის, ჰოლანდიელი სპეციალისტი ერთადერთი მწვრთნელი არ ყოფილა, ვინც რიკელმეს უნიკალურ პროფილს ტაქტიკურ ფუფუნებად და არა აუცილებლობად თვლიდა. არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ ის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა, რადგან უარი თქვა ნახევარმცველის სარისკო სტილზე საკუთარი კოლექტიური მიდგომის სასარგებლოდ.
რიკელმეს ერთსეზონიანი კატალონიური თავგადასავალი 2003 წელს „ვილიარრეალში“ ტრანსფერით დასრულდა, სადაც მან მანუელ პელეგრინის სახით უფრო გამგები დამრიგებელი იპოვა. ჩილელი მწვრთნელის თქმით, ის იყო ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ტალანტითა და მოედნის ისეთი ხედვით, რომელიც ცოტა ფეხბურთელში უნახავს იმ ვალდებულებით, რომ გუნდი საკუთარ მხრებზე ეტარებინა.
„მას ყოველთვის მეტი სურდა და ბურთი სწორედ მისგან გადიოდა. მან გუნდის ლიდერობა იკისრა და რასაც მივაღწიეთ, დიდი დამსახურება სწორედ რიკელმეს მიუძღვის“, — განაცხადა პელეგრინიმ.
რიკელმეს დირიჟორობით „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და 2005-2006 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე შესანიშნავი სვლა აჩვენა. „ელ მადრიგალზე“ ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ მეორე ნახევარფინალური მატჩის დასასრულს, საერთო ჯამში 1:0 მარცხისას, მოკრძალებულ ესპანურ გუნდს პენალტის დარტყმის უფლება ერგო, ბურთთან რიკელმე მივიდა, მაგრამ მისი დარტყმული იენს ლემანმა მოიგერია…
ეს გულისამაჩუყებელი მომენტი იყო, მაგრამ პელეგრინიმ უარი თქვა თავისი თილისმის დადანაშაულებაზე.
„ბევრი აკრიტიკებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაფუჭებულ პენალტს, მაგრამ მე არასოდეს გამიკიცხავს იგი, რადგან ხუანს მისი შესრულების ხასიათი ჰქონდა... ის იყო მოთამაშე, რომელიც მოედანზე არასოდეს იმალებოდა“, — განმარტა ჩილელმა.
იმავე წლის ზაფხულში რიკელმეს გენია სხვა მწვრთნელმაც დააფასა. წლების წინ ერთად მოგებული 20-წლამდელთა მუნდიალის შემდეგ, „ალბისელესტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა ის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საკვანძო ფიგურად აქცია.
არგენტინას მუნდიალზე შესანიშნავი გუნდი ჰყავდა, მაგრამ ტურნირს მეოთხედფინალში მასპინძელ გერმანიასთან პენალტების სერიაში გამოეთიშა. პეკერმანს ბრალი ერთხმად დასდეს გუნდის ლიდერის მოედნიდან ნაადრევი გაყვანის გამო, რადგან მისი დაცვითი ფუნქციების მქონე ესტებან კამბიასოთი შეცვლამ საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე ვერ გაამართლა, გერმანიამ დაცვაში მდგომ „ალბისელესტეს“ გოლი მაინც გაუტანა და საბოლოოდ სძლია კიდეც…
„ვილიარრეალში“ დაბრუნებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რიკელმესა და პელეგრინის ურთიერთობა ფეხბურთელის მიერ თავის პრივილეგიებზე უარის თქმაზე წასვლის გამო გაფუჭდა.
„ადამიანს აქვს გარკვეული პრინციპები, რომლებსაც არ ცვლის და სხვადასხვა მიზეზის გამო შესაძლოა, გარკვეული განსხვავებები არსებულიყო, სამწუხაროდ, მწვრთნელისა და მოთამაშის ურთიერთობას გარკვეული პარამეტრები უნდა ჰქონდეს და თუ პატივისცემას არ მოითხოვ, ძალიან ძნელია მისი მოპოვება დანარჩენი გუნდისგანაც. მე სხვა წარმოდგენა მქონდა და სამწუხაროდ, ერთად მუშაობა ვერ გავაგრძელეთ“, — განაცხადა მოგვიანებით პელეგრინიმ ერთ ინტერვიუში.
2007 წლის დასაწყისში 28 წლის რიკელმე „ბოკა ხუნიორსში“ იჯარით დაბრუნდა და მწვრთნელ მიგელ ანხელ რუსოს მიერ კარგ მანქანად აწყობილ კოლექტივში ლიდერის მანტია მოისხა.
რიკელმემ „ბოკას“ მაისურით კიდევ ერთი კოპა ლიბერტადორესი მოიგო, თანაც ფინალში ბრაზილიურ „გრემიოსთან“ ორი მატჩის ჯამში გატანილი ხუთი გოლიდან სამი მის ანგარიშზე მოდიოდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა პორტუ ალეგრიში შესრულებული დუბლი.
„უძღები შვილის დაბრუნებამ“ რიკელმე ხასიათზე მოიყვანა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში თავისი მემკვიდრეობა, როგორც კლუბის საბოლოო სიმბოლოსი, კიდევ უფრო გაამყარა. როდესაც მან 2014 წელს „ბოკა“ დატოვა, უარი თქვა დედაქალაქელთა წინააღმდეგ თამაშზე და საამისოდ მან მეორე დივიზიონში მოასპარეზე ბავშვობის კლუბს, „არხენტინოს ხუნიორსს“ მიაშურა.
რიკელმე გუნდს ქვეყნის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა და ბუცები ლურსმანზე ამის მერე დაკიდა.
„არ მინდოდა ბოკას წინააღმდეგ მეთამაშა. როდესაც ლიგაში დავწინაურდით, კარიერა დავასრულე იმისათვის, რომ „ლა ბომბონერაზე“ სხვა გუნდის მაისურით არ გავსულიყავი“, — აღიარა „ელ მუდომ“.
… ჰოდა რვა წლის გასვლა გახდა საჭირო საიმისოდ, რომ ხუან რომან რიკელმეს სათანადო გამოსამშვიდობებელი მატჩი შემდგარიყო.
ლეო მესი, ანხელ დი მარია, პაბლო აიმარი, ვალტერ სამუელი, ფაბრისიო კოლოჩინი, დიეგო პლასენტე, ხავიერ სავიოლა, ესტებან კამბიასო, ლუჩო გონსალესი, ლიონელ სკალონი, ლეო ფრანკო, მეორე მხარეს კი რიკელმეს თანამებრძოლები „ბოკაში“: ოსკარ კორდობა, უგო იბარა, კატა დიასი, კლემენტე როდრიგესი, გილიერმო ბაროს სკელოტო, სებასტიან ლედესმა, მარსელო დელგადო, როდრიგო პალასიო და თავად „ელ მუდო“...
იმავე წლის ბოლოს ხუან რომან რიკელმე რეკორდული 43 637 ხმით ანუ 64.4%-ით „ბოკა ხუნიორსის“ პრეზიდენტად აირჩიეს.
„ბავშვობაში ფეხბურთელობის გარდა არაფერზე ვოცნებობდი, მადლობას ვერც გიხდით იმ სიყვარულისთვის, რაც მომეცით. მამამ „ბოკა ხუნიორსის“ გულშემატკივრად მაქცია და ვიცი, რომ „ბოკას“ გულშემატკივრადვე მოვკვდები. ყოველდღე, როცა ვიღვიძებ, ღმერთს ვთხოვ, რომ შევძლო ამ ურთიერთობისა და პატივისცემის შენარჩუნება. თქვენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია“, — გულიდან წამოსული ამ სიტყვებით გამოემშვიდობა „ლა ბომბონერაზე“ მიკროფონით მდგარი მორცხვი, მაგრამ უხასიათო, კოპებშეკრული ბიჭიდან ლეგენდად ქცეული მოთამაშე, ფანტაზისტა ხუან რომან რიკელმე ერთგულ ქომაგებს.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები