ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ 2016 წელს ჩატარებული ფარული გამოძიების დეტალები გაასაჯაროა.
ირკვევა, რომ თანამდებობის დაკავებიდან სულ რამდენიმე თვეში, ფიფას მაღალჩინოსნებმა ეთიკის კომიტეტს ინფანტინოს მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო საჩივრით მიმართეს.
გამოძიების მასალების თანახმად, ინფანტინო ვლადიმირ პუტინისა და ყატარის ამირასგან კერძო თვითმფრინავებით უფასოდ მგზავრობის სერვისს იღებდა. გარდა ამისა, მან რომის პაპ ფრანცისკესთან ოფიციალური შეხვედრა საკუთარი დედისთვის მოწყობილ პირად ტურად გადააქცია.
ამასთან, მან ორგანიზაციის ბიუჯეტიდან ათასობით ფუნტი დახარჯა პირად ნივთებზე, მათ შორის ძვირადღირებულ ბუცებსა და საღამოს კოსტიუმში.
ინფანტინომ 2016 წელს შეთავაზებულ 2 მილიონ შვეიცარიულ ფრანკიან წლიურ ხელფასზეც თქვა უარი და მას „შეურაცხმყოფელი“ უწოდა (ამჟამად ის წლიურად 4.4 მილიონ ფუნტს იღებს).
მიუხედავად სერიოზული ბრალდებებისა, ეთიკის კომიტეტის გამომძიებელმა ვანესა ალარდმა ინფანტინო შვიდივე პუნქტში გაამართლა და განაცხადა, რომ ეთიკის ნორმები არ დარღვეულა. შედეგად, მომჩივანი მაღალჩინოსნების უმეტესობამ ფიფა დატოვა, ინფანტინომ კი ორგანიზაციაში ძალაუფლება საბოლოოდ განიმტკიცა.