-
Aa
+
ფონტის ზომა
შაბათს აშშ-მა ირანზე იერიში ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში მიიტანა, რასაც ახლო აღმოსავლეთში საპასუხო დარტყმები მოჰყვა.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კონფლიქტს მონაწილე ქვეყნებზე, ფიფაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ისედაც მაღალი პოლიტიზაციის პირობებში უნდა გამართულიყო?
BBC Sport საკითხს უფრო დეტალურად განიხილავს.
ირანისთვის ზედიზედ მე-4 მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები ლოს-ანჯელესში ახალ ზელანდიასა და ბელგიასთან, ხოლო სიეტლში ეგვიპტესთან არის დაგეგმილი.
გასულ ზაფხულს, როდესაც აშშ-მა ქვეყანაში სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა, ირანს ტურნირიდან გასვლა არ განუხილავს. თუმცა ამჯერად, გაცილებით სერიოზული არეულობის ფონზე, ირანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირზე მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
„რაც მოხდა... და შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს იმედით შევხედოთ, თუმცა გადაწყვეტილება სპორტის ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ,“ - განუცხადა მეჰდი ტაჯმა ირანულ ტელევიზიას.
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ და ქვეყნის პოლიტიკური მომავლის შესახებ დიდი გაურკვევლობის პირობებში, მსგავსი გადაწყვეტილების პროგნოზირება, ან თუნდაც იმის თქმა, ვინ მიიღებს მას, შეუძლებელია.
„თეირანისთვის ეს არ არის მოკლე, 12-დღიანი ომი ან შეზღუდული ესკალაცია, რომელიც შეიძლება შეჩერდეს და განახლდეს,“ - განაცხადა დოქტორმა სანამ ვაკილმა, Chatham House-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის დირექტორმა.
,,კონფლიქტის ეს ახალი ეტაპი ეგზისტენციალურია და აშკარად რეჟიმის გადარჩენას ეხება. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწრაფად დასრულდეს."
ფიფამ განაცხადა, რომ მოვლენებს აკვირდება, თუმცა ამ ეტაპზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირანის მონაწილეობას ელოდებიან. შაბათს ფიფას გენერალურმა მდივანმა მატიას გრაფსტრომმა თქვა:
ჩვენი მიზანია უსაფრთხო მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გუნდის მონაწილეობით.
BBC Sport-მა ფიფას ჰკითხა, რას გააკეთებდა იმ შემთხვევაში, თუ ირანი ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებდა, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მის ადგილს აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC) სხვა გუნდი დაიკავებდა.
ამ შემთხვევაში, ფავორიტებად სახელდებიან ერაყი, რომელსაც კონტინენტურ პლეი-ოფში მაინც შეუძლია კვალიფიკაციის მოპოვება, ან არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელმაც კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა.
ამასობაში, ირანის ქალთა ნაკრები ავსტრალიაში აზიის თასის პირველი მატჩისთვის ემზადება და კვირას ოქროს სანაპიროზე გეგმურად ივარჯიშა.
AFC-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ყურადღებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ამ რთულ პერიოდში... ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ ირანის ქალთა ნაკრებთან და ოფიციალურ პირებთან ოქროს სანაპიროზე და სრულ მხარდაჭერას ვთავაზობთ.“
კვირის წინამატჩო პრესკონფერენციაზე ირანის მწვრთნელმა მარზიე ჯაფარიმ პოლიტიკას გვერდი აუარა და აღნიშნა, რომ ტურნირი არის შესაძლებლობა „ირანელი ქალების პოტენციალის წარმოსაჩენად.“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ წელს უსაფრთხოების საფრთხეებთან ბრძოლის მოტივით ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 12 ქვეყნის, მათ შორის ირანის, მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უკრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოთამაშეები და მწვრთნელები ამ აკრძალვისგან გათავისუფლებულნი არიან, ირანი დეკემბერში ვაშინგტონში გამართული წილისყრის ბოიკოტით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც მისი ზოგიერთი ოფიციალური პირის სავიზო განაცხადი უარყოფილი იქნა.
თუ ირანი ტურნირზე მაინც ითამაშებს, გუნდის მატჩების უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე არიზონაში დაგეგმილ საწვრთნელ ბაზაზე, ყურადღება კიდევ უფრო გამძაფრდება.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყატარში ირანის მატჩები, მათ შორის აშშ-სთან, მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე გაიმართა.
უელსთან მეორე მატჩის დროს ირანის მთავრობის მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაც კი მოხდა. ტრამპის მიერ ირანში რეჟიმის ცვლილების იმედების ფონზე, მსგავსი სცენარი შესაძლოა ამ ზაფხულსაც განმეორდეს. ლოს-ანჯელესი, სადაც ირანმა ორჯერ უნდა ითამაშოს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირანული დიასპორის სახლია.
„ჩვენ უცნობ ტერიტორიაზე ვართ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი და მასპინძელმა ქვეყანამ ახლახან ერთ-ერთი მონაწილის წინააღმდეგ ომი დაიწყო,“ - ამბობს ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია FairSquare-ის წარმომადგენელი ნიკ მაკგიჰანი.
თუ ირანი ბოიკოტს გამოაცხადებს, რაც სრულიად შესაძლებელი ჩანს, ფიფა, სავარაუდოდ, შვებით ამოისუნთქებს, პროტესტისა და არეულობის რისკის გათვალისწინებით.
თუმცა ირანის არყოფნის შემთხვევაშიც კი დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირი აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაემთხვევა და ტრამპი, სავარაუდოდ, თვალსაჩინო ფიგურა იქნება.
ასევე შეშფოთება იზრდება საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ოფიცრების ჩართვასთან დაკავშირებით და მექსიკაში, თანამასპინძელ ქვეყანაში, კარტელური ძალადობის ზრდის გამო. ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფების გამო ურთიერთობა აშშ-სა და კანადას შორისაც დაიძაბა.
დეკემბერში ფიფამ ტრამპს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ცერემონიაზე პირველი „მშვიდობის პრიზი“ გადასცა და აღნიშნა, რომ მან „მნიშვნელოვანი როლი ითამაშა“ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის დამყარებაში.
მას შემდეგ აშშ-მა სამხედრო მოქმედებები განახორციელა ვენესუელაში, ნიგერიასა და ირანში და მიანიშნა შესაძლო ოპერაციებზე გრენლანდიაში, მექსიკასა და კოლუმბიაში.
გასულ თვეში ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ „მშვიდობის პრიზის“ გადაცემის ფაქტი დაიცვა და აშშ-ის პრეზიდენტის მშვიდობის საბჭოს პირველ შეხვედრაზეც კი გამოჩნდა ტრამპის თემატიკის „USA“ ქუდით.
ტრამპის გადაწყვეტილებამ ირანზე თავდასხმის შესახებ როგორც მხარდაჭერა, ისე კრიტიკა გამოიწვია. ნათელია, რომ ეს ფიფას მხრიდან მასთან დაახლოების გადაწყვეტილებაზე ყურადღებას კიდევ უფრო გაამახვილებს, რადგან კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამით ორგანიზაცია პოლიტიზაციის რისკს ზრდის.
იანვარში ბრიტანეთის პარლამენტის 27-მა დეპუტატმა მოითხოვა, რომ საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა აშშ-სთვის მსხვილ ტურნირებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატში, მონაწილეობა გადაეხედათ, რადგან მსგავსი ღონისძიებები „არ უნდა გამოიყენებოდეს საერთაშორისო სამართლის დარღვევების ლეგიტიმაციისთვის.“
მსგავსი მოწოდებები შესაძლოა კვლავ გაჟღერდეს.
ფიფა ამტკიცებს, რომ როგორც ფეხბურთის ღონისძიებების ორგანიზატორს, მას ნეიტრალიტეტის ვალდებულება აკისრია. თუმცა ბოლო დღეებში აშკარა გახდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ისედაც რთული პოლიტიკური ფონი კიდევ უფრო გართულდა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები