-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი იტალიის ნაკრები 12-წლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალზე დაბრუნებას შეეცდება. იტალიელები 2006 წლის ტრიუმფის შემდეგ 2-ჯერ ჯგუფში ჩარჩნენ, 2018 და 2022 წლებში კი ტურნირზე საერთოდ ვერ მოხვდნენ.
2014 წლის მუნდიალი პირველი და ასევე ჯერჯერობით უკანასკნელი იყო ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, რომელიც იტალიის მსგავსად 12 წლის შემდეგ შეეცდება ტურნირზე კიდევ ერთხელ გასვლას, ამისთვის მათ სახლში სკუადრა აძურას დამარცხება მოუწევთ.
ბოსნიელებმა ნახევარფინალურ მატჩში უელსს აჯობეს პენალტების სერიაში, იტალიამ კი ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა და ნანატრ მსოფლიო ჩემპიონატს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბოსნია - ვასილი; დედიჩი, კატიჩი, მუჰარემოვიჩი, კოლასინაჩი; ბაირაკტარევიჩი, სუნიჩი, ჰაჯიაჰმეტოვიჩი, მემიჩი; ჯეკო, დემიროვიჩი
იტალია - დონარუმა; მანჩინი, ბასტონი, კალაფიორი; პოლიტანო, ბარელა, ლოკატელი, ტონალი, დიმარკო; კინი, რეტეგი
ბოსნიასა და იტალიასთან შედარებით მუნდიალებზე კიდევ უფრო დიდხნიანი პაუზა აქვს ჩეხეთს, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით ტურნირზე მხოლოდ ერთხელ 2006 წელს იყო და ჯგუფში ჩარჩა.
20 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ჩეხებს პრაღაში დანიის ნაკრების დამარცხება მოუწევთ, რომელიც თავის მხრივ ზედიზედ მე-3 მუნდიალზე გასასვლელად იბრძვის.
ნახევარფინალში ჩეხებმა დაძაბულ ბრძოლაში ირლანდიას მოუგეს პენალტების სერიაში, დანიამ კი მარტივად გაანადგურა ჩრდილოეთ მაკედონია და ფინალში შედარებით ნაკლები ძალისხმევით გავიდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩეხეთი - კოვარი; ჩალუპეკი, ჰრანაჩი, კრეიჩი; ცოუფალი, სოუჩეკი, დარიდა, პროვოდი, ზელენი; შიკი, სულჩი
დანია - ჰერმანსენი; ბა, ნორგორი, ნელსონი, მეჰლე; ჰიულმანდი, ჰოიბიერგი; ისაქსენი, ფროჰოლდტი, დამსგორი; ჰოილუნდი
ისტორიული მატჩის წინაშეა კოსოვოს ნაკრები, რომელიც ფიფასა და უეფას წევრი 2016 წელს გახდა და პირველ დიდ ტურნირზე გასასვლელად საკუთარ კედლებში იბრძოლებს.
თუმცა კოსოვოელებს რთული ბარიერის დაძლევა მოუწევთ თურქეთის ნაკრების სახით, რომელიც 2002 წელს ისტორიული ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ მუნდიალზე აღარ ყოფილა და მსოფლიოზე დაბრუნებას 24-წლიანი პაუზის შემდეგ შეეცდება.
კოსოვოელებმა ფინალში გასასვლელად უხვგოლიან ბრძოლაში სლოვაკეთი სტუმრად დაამარცხეს, თურქეთმა კი ერთადერთი გოლით რუმინეთს მოუგო და წარმატების მიღწევას პრიშტინაში შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები
კოსოვო - მურიჩი; ვოივოდა, დელოვა, ჰაირიზი, ჰაიდარი, გალაპენი; ჰოჯა, რეჩბეცაი, მუსია; ასლანი, მურიქი
თურქეთი - ჩაქირი; მიულდური, აქაიდინი, ბარდაქჩი, ქადიოღლუ; იუქშექი, ჩალჰანოღლუ; ილმაზი, გიულერი, ილდიზი; აქთიურქოღლუ
2018 წელს 1/4 ფინალში გასვლისა და 2022 წლის ტურნირის გამოტოვების შემდეგ შვედეთის ნაკრები მუნდიალზე დაბრუნებას ცდილობს და ამას ვიქტორ გიოკერესთან ერთად შეეცდება, რომელმაც ნახევარფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
რობერტ ლევანდოვსკი და პოლონეთის ნაკრები კი შვედეთში გასამართ ფინალში ზედიზედ მე-3 მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ.
შვედებმა ნახევარფინალურ მატჩში ზემოთ ნახსენები გიოკერესის 3 გოლით უკრაინა დაამარცხეს, პოლონელებმა კი ალბანელებს სძლიეს და ასე მოიპოვეს გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება.
სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი - ნორდფელდტი; ლაგერბილკე, სტარფელტი, ლინდელოფი; იოჰანსონი, აიარი, კარლსტრომი, გუდმუნდსონი; ელანგა, ნიგრენი; გიოკერესი
პოლონეთი - გრაბარა; კეჯიორა, ბედნარეკი, კივიორი; ქეში, შიმანსკი, ჟელინსკი, სკორასი; პიეტუშევსკი, ლევანდოვსკი, კამინსკი

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები